
პოლიტიკოსები და დიდი კომპანიები რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ბოიკოტს ამჯერად ქვეყნის ერთ-ერთ საკულტო პროდუქტს, არაყს უცხადებენ.
აშშ-ის რამდენიმე გუბერნატორმა მაღაზიებიდან რუსული წარმოების ან ბრენდის მქონე ალკოჰოლური სასმელების ამოღების ბრძანება გასცა.
ნიუ-ჰემფშირის გუბერნატორმა კრის სუნუნუმ Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ-ის შტატი თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის ხალხის გვერდით დგას. იუტას გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა თქვა, რომ სახელმწიფო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და მხარს არ დაუჭერს რუსულ საწარმოებს.
ოჰაიოს გუბერნატორმა მაიკ დევაინმა შტატის კომერციის დეპარტამენტს დაავალა, ბოიკოტი გამოუცხადონ Russian Standard-ის მიერ წარმოებულ ყველა არაყს, რაც ასევე დარტყმა იქნება Green Mark Vodka-ს გაყიდვებისთვის.
დევაინის თქმით, ამჟამად ოჰაიოს ალკოჰოლური სასმელების სააგენტოებში იყიდება Russian Standard-ის მიერ წარმოებული დაახლოებით 6,400 ბოთლი არაყი.
ახალ ზელანდიაში ალკოჰოლის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საცალო ქსელმა ათასობით ბოთლი არაყი ამოიღო. მათ შორის Ivanov-ი და რუსული ბრენდები. ცარიელი თაროები უკრაინის დროშებით შეივსო.
ავსტრალიური ალკოჰოლური სასმელების ორმა უმსხვილესმა ქსელმა, Dan Murphy's-მა და BWS-მა რუსული წარმოშობის პროდუქტების გაყიდვა შეწყვიტეს.
ფინეთში Alko Oy-მა 20 სახეობის არყის გაყიდვა შეწყვიტა. ფინეთის ორივე მთავარმა სასურსათო ქსელმა, S Group-მა და Kesko Oyj-მა, უარი თქვა ყველა რუსულ პროდუქტზე, ისევე როგორც მათმა ბალტიისპირელმა კოლეგებმა, Rimi და Maxima.
დანიის უმსხვილესმა საცალო გაყიდვების ჯგუფმა Salling Group, ვაჭრობიდან ამოიღო ყველა სახის რუსული პროდუქტი.
„ჩვენი ბოიკოტი პუტინის ბიზნესმენებს დიდ ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ ეს პრინციპის საკითხია - ჩვენი ხალხი არ აფინანსებს მათ, ვინც ომს აფინანსებს“, - თქვა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ.
სხვადასხვა მთავრობის მიერ არყის მიმართ ბოიკოტის გამოცხადება მეტწილად სიმბოლურია. რუსეთის გამოხდილი ალკოჰოლური სასმელების საბჭოს მონაცემებით, რუსული არაყი აშშ-ში ალკოჰოლური სასმელების იმპორტის მთლიანი ღირებულების მხოლოდ 1%-ზე ოდნავ მეტს შეადგენს.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საათობრივად იზრდება იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთში მომსახურებას ზღუდავენ ან ბაზრიდან გადიან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანგუს უიტლი