LIVE

რუსმა მილიარდერებმა პუტინის პოლიტიკის გამო $83 მილიარდი უკვე დაკარგეს

01 მარ 202221:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 2369

რუსი მილიარდერების ბედი სწრაფად შეცვალა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკამ და გადაწყვეტილებამ, შეჭრილიყო უკრაინაში. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, სუპერმდიდარმა რუსებმა, რომლებიც მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა შორის არიან, წელს ჯამურად $83 მილიარდი დაკარგეს. 

ბაზრის ვარდნა იმდენად ძლიერი იყო, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ორშაბათს შეაჩერა ადგილობრივი ვაჭრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციებით გამოწვეული ზარალის ზუსტი მოცულობა ჯერ კიდევ უცნობია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული რუსული კომპანიების აქციების ღირებულება, გაზის მწარმოებელი Novatek-დან ფოლადის მწარმოებელ Severstal-მდე, ორშაბათს 50%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც დასავლურმა ქვეყნებმა სანქციები გაამკაცრეს.

მდიდარი რუსებისთვის Boeing-ის, Gulfstream-ისა და Bombardier-ის თვითმფრინავებით ფრენა გართულდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირი შეუერთდა დიდ ბრიტანეთს და აკრძალა რუსეთის კუთვნილი კერძო თვითმფრინავების ფრენა მის საჰაერო სივრცეში. ლონდონში ძვირადღირებული ქონების შესყიდვა ასევე შეიძლება გართულდეს გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის დაჩქარებული ცვლილების გამო. ცვლილებები უცხოელი ქონების მფლობელებისგან მოითხოვს ვინაობის გამხელას და არა ჰოლდინგის კომპანიების მიღმა დამალვას. 

28 თებერვალს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ზოგიერთ სუპერმდიდარს, მათ შორის ფოლადის მაგნატ ალიშერ უსმანოვს, ალფა ჯგუფის მფლობელებს - მიხაილ ფრიდმანსა და პიოტრ ავენს და ფოლადის მაგნატს ალექსეი მორდაშოვს. ზომები ასევე იმოქმედებს პუტინის სპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე, სახელმწიფო მედიის წარმომადგენლებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებზე. სანქციები დააწესა შვეიცარიამაც. პუტინთან დაახლოებულ 5 ოლიგარქს მოგზაურობა აეკრძალა და იკეტება ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსეთისთვის, მათ შორის კერძო თვითმფრინავებისთვის. 

შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში უკვე დაწესებულ სანქციებთან ერთად, სანქციების უახლესი პაკეტის სამიზნე, სავარაუდოდ, რუსეთის მდიდარი ელიტა იქნება.

რუსეთის $1,5 ტრილიონიან ეკონომიკას უკვე აწუხებს სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს საკვანძო ბანკებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პუტინს ცენტრალური ბანკის $640 მილიარდზე მეტი რეზერვების დიდ ნაწილზე წვდომაში. ამ შეზღუდვებმა შეარყია ქვეყნის ბაზრები და დომინოს ეფექტს ახდენს ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების ქონებაზე. 

"ლუკოილის" თავმჯდომარის ვაგიტ ალეკპეროვის ქონება წელს დაახლოებით $13 მილიარდით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა Bloomberg-ის სიმდიდრის ინდექსში შემავალ 22 რუს მილიარდერს შორის. ნავთობკომპანიის აქციები, რომლებიც ივაჭრება ლონდონში, ორშაბათს 62,8%-ით დაეცა. 

გენადი ტიმჩენკომ, ერთ-ერთმა პირველმა ოლიგარქმა, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა, წელს სიმდიდრის თითქმის ნახევარი დაკარგა - ქონება $10,6 მილიარდით შემცირდა. Novatek-ის თანამფლობელმა ლეონიდ მიხელსონმა 2022 წელს $10,2 მილიარდი დაკარგა. 

უკრაინის კრიზისმა ყურადღების ეპიცენტრში მოაქცია რომან აბრამოვიჩი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი მილიარდერი, რომელიც ფლობს აქტივებს, მათ შორის წილებს ფოლადის კომპანია Evraz-სა და საფეხბურთო კლუბ "ჩელსიში". 

აბრამოვიჩმა "ჩელსის" კონტროლი კლუბის საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს გადასცა. გარდა საფეხბურთო კლუბისა, რომლის ღირებულება შეიძლება $2 მილიარდზე მეტი იყოს, მისი ბევრი სხვა აქტივი ასევე რუსეთის ფარგლებს გარეთაა ან უცხოურ ბირჟებზეა დალისტული. აბრამოვიჩს უძრავი ქონება აქვს ისრაელში, რომლის მოქალაქეც არის, ასევე საფრანგეთში, ბრიტანეთში, აშშ-ში. 55 წლის აბრამოვიჩის ქონება დაახლოებით $13,9 მილიარდია და მიმდინარე წელს $5 მილიარდით შემცირდა. 

რაც შეეხება მათ, ვინც შესაძლოა დაექვემდებაროს ევროკავშირის სანქციებს - მათი პირადი თვითმფრინავები უკვე გზაშია. უსმანოვის Airbus A340 ორშაბათს მიუნხენიდან აფრინდა და ევროკავშირის საჰაერო სივრცე დატოვა. ნიუ-იორკის დროით 15:23 საათისთვის ის შავი ზღვის თავზე დაფრინავდა, თუმცა დანიშნულების ადგილი უცნობია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენჟამინ სტაპლსი