LIVE

მსოფლიოში გავრცელებული პესიმიზმი და უნდობლობა, შესაძლოა, არჩევნებზეც აისახოს

22 იან 202115:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 553
მსოფლიოში გავრცელებული პესიმიზმი და უნდობლობა, შესაძლოა, არჩევნებზეც აისახოს

ბოლო დროს პოლარიზაციამ, უთანასწორობამ და უნდობლობამ მსოფლიოს ისეთ უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში იჩინა თავი, რომელთა ნაწილში უახლოეს ორ წელიწადში არჩევნებისთვის ემზადებიან.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებამ ცხადყო, თუ რაოდენ ძლიერია ამ სუპერ ძალაუფლების მქონე ქვეყნის ამომრჩეველთა სურვილი, ჰყავდეთ ლიდერი, რომელსაც ესმის რიგითი მოსახლეობის, მაშინ როდესაც ტრამპის გადაყენებით გამოწვეულმა ძალადობამ, თავის მხრივ, ფარდა ახადა აშშ-ში პოლარიცაზიის მაღალ ხარისხსა და დესტაბილიზაციის საფრთხეს. 

პანდემიური გაურკვევლობის ფონზე, გერმანია ბოლო 16 წლის მანძილზე პირველად დგას ხელისუფლების ცვლილების წინაშე. ბრაზილიის პრეზიდენტი რამდენიმე გამოძიების სამიზნეა - რაც მის წინამორბედებს ძვირად დაუჯდათ. სამხრეთ კორეაში კი ქონებრივი უთანასწორობის ფონზე უნივერსალური საშემოსავლო ინიციატივა პოპულარობით სარგებლობს. რაც შეეხება, საფრანგეთს, იქ მთავრობის პოლიტიკას რეგულარული აქციებით ხვდებიან. მექსიკაში უმუშევრობა და სიღარიბე მძვინვარებს. იაპონიის ამომრჩეველთა უმრავლესობა ხუთ წელიწადშიც კი არ ელის უკეთეს მომავალს. 

2021 და 2022 წლებში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ავსტრალიაში, ირანსა და უნგრეთშიც უნდა ჩატარდეს; გამოკითხვები კი ცხადყოფს, რომ ამომრჩევლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოთქვამენ უკმაყოფილებას. COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა, რომელმაც უკვე 2 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, საყოველთაო უკმაყოფილების დონე და არსებული უთანასწორობა გაზარდა. 

ის, თუ როგორ გაუმკლავდებიან მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები კოვიდით გამოწვეულ კრიზისს და როგორ მოახერხებენ მოსახლეობისთვის ვაქცინით უზრუნველყოფას, დიდწილად განსაზღვრავს მოახლოებულ არჩევნებზე მათ მიმართ ამომრჩეველთა განწყობას. 

Bloomberg Businessweek-მა ზოგადი პესიმიზმით დაწყებული, პოლარიზაციის დონეზე პანდემიის გავლენით დასრულებული, ინდიკატორების  მთელი რიგი შეისწავლა, რათა პოლიტიკური რყევების მიმართ ამა თუ იმ ქვეყნის მოწყვლადობა შეეფასებინა. ეს მონაცემები გარკვეული პოლიტიკური ლიდერებისათვის გამაფრთხილებელი ნიშნებია, მოუსმინონ თავიანთ ამომრჩევლებს და მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას სერიოზულად მოეკიდონ.  

მექსიკა

მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი

პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი, ეპიდვითარებისა და ეკონომიკასთან დაკავშირებული დაბალი მაჩვენებლის მიუხდავად, უმრავლესობის შენარჩუნებას აპირებს. კვლევების მიხედვით, მექსიკელი ამომრჩევლები მთავრობას პანდემიაზე რეაგირების, ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებისა და მზარდი კრიმინალის გეგმას უწუნებენ. მათ, მართალია, მოსწონთ თავად პრეზიდენტი, რომელიც პანდემიამდე ქვეყნის სათავეში 60%-იანი მარდაჭრით მოვიდა, თუმცა ამ უკანასკნელს ივნისში პირველი საარჩევნო ტესტი ელის, როდესაც ქვეყანას კონგრესის ქვედა პალატის 500 წევრი და ათობით გუბერნატორი ჰყავს ასარჩევი. 

გერმანია 

სექტემბერში გერმანიის საპარლამენტო არჩევნები გამორჩეული იქნება იმით, რომ მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი კენჭს აღარ იყრის. გარდა ამისა, თანამდებობების დასაკავებლად ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და სოციალ-დემოკრატებს მესამე ძალა ემატებათ მწვანეების სახით, რაც ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. რეალურად, მწვანეებმა პანდემიის დროს გამოკითხვებში ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს გადაუსწრეს, რამაც მერკელის ფიგურის მიმართ ნდობა გარკვეულწილად შეასუსტა. მისი წასვლით გამოწვეული სიცარიელის შევსება კი არ იქნება მარტივი, მითუმეტეს, როდესაც მის კონსერვატორულ გუნდს გამოკვეთილი “მემკვიდრე” არ ჰყავს. თავად მერკელის სიმშვიდე კი “მემკვიდრის” შესახებ გაუგებრობას ნიღბავს. იმის მიუხედავად რომ 16 იანვარს პარტიის ახალ თავმჯდომარედ არმინ ლაშეტი დასახელდა, ბლოკის კანცლერობის კანდიდატის შესახებ სერიოზული მოლაპარაკებები გაიმართება ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დაძმობილებული პარტიის პოპულარულ ბავარიელ ლიდერთან, მარკუს სოდერთან. პარტიის უხუცესების განცხადებით კი, ოფიციალური კანდიდატი გვიან გაზაფხულამდე ან ადრეულ ზაფხულამდე არ დასახელდება. მწვანეებს რაც შეეხებათ, იქ ბრძოლა კანცლერობისთვის ორ თანათავმჯდომარეს ანალენა ბაერბოკსა და რობერტ ჰაბეკს შორის წავა. 

იაპონია 

იოშიჰიდე სუგას, რომელიც გასული წლის სექტემბერში გახდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი, წელიწადზე ნაკლები დრო ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. ამ დრომდე ის, ძირითადად, მცირე, მაგრამ პრაქტიკულ საკითხებზეა ორიენტირებული. მაგალითად, სწორედ მან უბიძგა ადგილობრივ მობილურ ოპერატორებს ფასების შემცირებისკენ. ზოგადად, ეკონომიკური პროგნოზი ცხადყოფს, რომ ქვეყანას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება ეკონომიკა კოვიდამდელ მაჩვენებლებს რომ დაუბრუნდეს. სუგამ ეკონომიკის აღსადგენის განსხვავებულ გზას მიმართა - ნაცვლად იმისა, რომ პანდემიის შესაკავებლად, ხალხისთვის შინ დარჩენა ეთხოვა, მან ადგილობრივი ტურიზმი წაახალისა, რის გამოც, ზოგი მას ინფექციის გავრცელებაში ადანაშაულებს.  

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა, ქვეყანა სადაც პანდემიის ფონზე კორონავირუსი მინიმალური ლოქდაუნებით შეაკავეს და ეკონომიკასაც შედარებით მცირე ზიანი მიადგა, გარკვეულ თავშესაფარს წარმოადგენს. ამომრჩევლებმა გარკვეული  ნდობა გამოუცხადეს აპრილის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ 300-დან 180 მანდატი მოიპოვა. ამომრჩეველთა მხარდაჭერით სარგებლობს ასევე დახმარების პროგრამა, რომელიც საზოგადოებაში პანდემიით გამოწვეული მზარდი უთანასწორობის აღმოფხვრისკენაა მიმართული. მთავრობამ მცირე ბიზნესისა და მოქალაქეების დასახმარებლად 31 ტრილიონზე (28.2 მილიარდი აშშ დოლარი) მეტი ვონი გამოყო. გატარებული ზომების შედეგად გეონგის პროვინციის მმართველი 2022 წლის საპრეზიდნეტო არჩევნებზე უპირობო ლიდერობითაც სარგებლობს. 

საფრანგეთი

2017 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში ემანუელ მაკრონმა  საფრანგეთის გარდაქმნის პირობა დადო, თუმცა ეს პროცესი არც ისე კარგად წარიმართა, რადგან მის გადადგმულ ნაბიჯებს არა ერთი საპროტესტო ტალღა მოყვა. გამოკითხვების თანახმად, პანდემიის საწყის ეტაპზე მაკრონის მიერ გადადგმული ნაბიჯებით მოსახლეობის მხოლოდ 29% იყო კმაყოფილი. კაბინეტის განახლებისას კი მან “ახალი კურსიც” დაისახა მიზნად რაც რეფორმების ნაცვლად, აღმშენებლობაზე ორიენტირებულ განახლებულ მთავრობას გულისხმობდა. გასულ ოქტომბერს კლასში მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო, ფრანგი პედაგოგის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, მაკრონმა შედარებით ტრადიციონალისტი კონსერვატორული ამომრჩეველის გულის მოგება მეტად სცადა, რაც იმის ნიშანია, რომ 2022 წელს მეორე ვადით არჩევისთვის ნაციონალისტი მარინ ლე პენი მის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია