LIVE

კალაძე: ყველას მდგომარეობაში შევდივარ, მაგრამ გარევაჭრობა დაუშვებელია

23 თებ 202212:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 1560
კალაძე: ყველას მდგომარეობაში შევდივარ, მაგრამ გარევაჭრობა დაუშვებელია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარევაჭრობა კატეგორიულად მიუღებელია. მისი განმარტებით, გარევაჭრობით სხვა ადამიანებს დიდი დისკომფორტი ექმნებათ.

„სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე ფეხით გავლა შეუძლებელი იყო. ამის თაობაზე მოქალაქეების მხრიდან ბევრი წერილი და შეტყობინება მოდიოდა.

გარემოვაჭრეები, რომლებსაც ტროტუარები ჰქონდათ დაკავებული, ბაზრობის ტერიტორიაზე გადავიყვანეთ. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმის, და ვერ ვხედავთ იმ გაჭირვებასა და სოციალურ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაშია და ბევრ ადამიანს აწუხებს. კარგად მესმის ყველასი, ყველას მდგომარეობაში შევდივარ, მაგრამ გარევაჭრობა დაუშვებელია. ამით ძალიან დიდი დისკომფორტი ექმნებათ სხვა ადამიანებს. არავინ გიშლით ამ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე. ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმაში. როგორ ფიქრობთ, ბაზრობის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან, მათ არ უჭირთ, ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისთვის, რომ ლუკმა პური შეიტანონ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან. კარგად ესმით, რომ არ შეიძლება გარევაჭრობა. ტროტუარზე ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ყველი, ხორცი, ყველაფერი ერთად რომ იყიდება, ნორმალურია? ეს რა, თქმა უნდა, დაშვებული არ იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. 

შეგახსენებთ, მუნიციპალურმა სამსახურმა გარევაჭრობის დახლები ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ აიღო. მერიის განმარტებით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ და რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა მოქალაქეები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა.