LIVE

მინსკის შეთანხმებები - უკრაინის ეკლიანი გზა მშვიდობისკენ

19 თებ 202219:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 3372
მინსკის შეთანხმებები - უკრაინის ეკლიანი გზა მშვიდობისკენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯარები განალაგა უკრაინის საზღვარზე და ცდილობს აიძულოს კიევი, შეასრულოს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებები. 2014-2015 წელს მიღებული პაკეტი სადავოა და ძირს უთხრის უკრაინის იდენტობასა და სუვერენიტეტს.

საიდან გაჩნდა მინსკის შეთანხმება?

შეთანხმება მიზნად ისახავდა შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერებას, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი უარყოფს კონფლიქტში მონაწილეობას, უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსული ძალები უშუალოდ ჩაერივნენ საომარი მოქმედებებში მისი შედეგების შებრუნებისა და უკრაინის ძალებისთვის დამანგრეველი მარცხის მიყენების მიზნით. თითოეულ დანაკარგს მოჰყვა სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა მეზობელი ბელორუსის დედაქალაქ მინსკში.

რას ამბობს მინსკის შეთანხმებები?

მინსკი 1-ის შეთანხმებას, რომელიც მიღწეული იქნა 2014 წლის სექტემბერში, ჰქონდა 12 პუნქტი, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც აკონტროლებდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. ის გულისხმობდა კანონს უკრაინის “დეცენტრალიზაციის” შესახებ, დროებითი სპეციალური სტატუსით სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიისთვის. შეთანხმების მიუხედავად სამხედრო მოქმედებები გაგრძელდა. მომდევნო მემორანდუმი 2 კვირის შემდეგ გაფორმდა და ის მოითხოვდა მძიმე იარაღის გაყვანას ფრონტის ხაზიდან. ზავი არაერთხელ დაირღვა და საბოლოოდ გაუქმდა 2015 წლის იანვარში.

მინსკი II გაფორმდა ერთი თვის შემდეგ, განახლებული მძიმე ბრძოლების ფონზე, როდესაც ქალაქ დებალცევეში უკრაინული ჯარები ალყაში მოაქციეს. ახალი გარიგების 13 პუნქტი მოიცავდა უფრო დეტალურ, მაგრამ ასევე დამაბნეველ პუნქტებს დასახლების პოლიტიკური მოთხოვნების შესახებ. 

რატომ არის შეთანხმების განხორციელება რთული? 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აწარმოებდა მოლაპარაკებას მინსკის შეთანხმებაზე, ის ამბობს, რომ არ არის კონფლიქტის მხარე და, შესაბამისად, არ არის პასუხისმგებელი შეთანხმების განხორციელებაზე. უკრაინა ამბობს, რომ ასეა. გარდა ამისა, არსებობს სულ მცირე სამი ძირითადი დავა. 

პირველი - ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები დონბასის რეგიონში. 

მეორე - შეთანხმება ითვალისწინებს დონბასის რეგიონისთვის სპეციალური სტატუსსა და, სავარაუდოდ, უკრაინის საკონსტიტუციო რესტრუქტურიზაციას, რაც უნდა მოხდეს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან “კონსულტაციებით და შეთანხმებით”. 

მესამე - პოტენციურად ყველაზე სახიფათო დავა არის სპეციალური სტატუსის ტერიტორიის ფართობზე, რომელიც განუსაზღვრელია. სეპარატისტების ლიდერები ამბობენ, რომ მინსკის შეთანხმება უნდა მოიცავდეს დონეცკისა და ლუგანსკის ყველა პროვინციას, რომელთა ნახევარზე მეტი კიევის კონტროლის ქვეშ რჩება.

როგორ განმარტავს რუსეთი შეთანხმებებს? 

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ შეთანხმებას მოაწერა ხელი და ვალდებულია ოს შეასრულოს. ამავდროულად უზრუნველყოს ტერიტორიის მაცხოვრებლების უსაფრთხოება და უფლებები, რომელთაგან დაახლოებით 700 000-მა რუსული პასპორტი მიიღო. ეს არის მოსახლეობის 20%-დან 40%-მდე. მოსკოვი ასევე ხედავს შეთანხმებებს, როგორც დონბასისთვის ფართო ავტონომიის შეთავაზებისა და უკრაინის ფედერალიზაციის საშუალებად, რაც პრაქტიკაში შეუძლებელს ხდის დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას, როგორიცაა ნატო ან ევროკავშირი.

გაეროს უშიშროების საბჭოს თებერვალში გამართულ სხდომაზე, რუსეთს კონკრეტულად ჰქონდა პრეტენზია უკრაინის დაპირებაზე, რომ “უკრაინის ვერც ერთი რეგიონი ვერ შეძლებს ვეტოს დადებას ქვეყნის მასშტაბით გადაწყვეტილებებზე” და რომ საფრანგეთმა, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა ვერ მოახდინეს ზეწოლა უკრაინაზე შეთანხმების განხორციელებისთვის. 

კრემლის ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, რა ფორმა უნდა ჰქონდეს უკრაინის ფედერალიზაციას, მაგრამ ვლადისლავ სურკოვმა - პუტინის მრჩეველმა უკრაინაში 2020 წლამდე - თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მინსკი II დაიწერა უკრაინის აღმოსავლეთზე “სიმბოლური სუვერენიტეტის” მინიჭების მიზნით, როგორიც დიდი ბრიტანეთის მონარქს აქვს კანადაზე, ან ავსტრალიაში.

რა პოზიცია აქვს უკრაინას?

უკრაინამ მიიღო კანონი “დეცენტრალიზაციის შესახებ”, როგორც ამას მინსკის შეთანხმება მოითხოვდა, მაგრამ მოლაპარაკება არ მომხდარა სეპარატისტებთან, რომლებსაც კიევი მოსკოვის მარიონეტებად თვლიდა. მთავრობა ამბობს, რომ მზად არის განახორციელოს შეთანხმებები, მაგრამ არა რუსული ინტერპრეტაციით. თავის მხრივ, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა იანვარში უთხრა Associated Press-ს, რომ მინსკის შეთანხმებება, “რუსული იარაღის ლულის ქვეშ” გაფორმდა და ის გაანადგურებს უკრაინას, როგორც ქვეყანას. 

რა პოზიცია აქვთ გერმანიასა და საფრანგეთს?

საფრანგეთმა და გერმანიამ ცენტრალური როლი ითამაშეს მინსკის შეთანხმებების გაფორმებაში, ასევე ე.წ ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებებში. ისინი ამტკიცებენ, რომ შეთანხმებები არის ერთადერთი ხელმისაწვდომი გზა კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ. მიუხედავად ამისა, ისინი ნაკლებად კრიტიკულები არიან რუსეთის პირობების მიმართ, ვიდრე შეერთებული შტატები. 

რა არის საჭირო შეთანხმების მისაღებად? 

არ არსებობს სწრაფი გადაწყვეტის მოლოდინი, რადგან, როგორც ლონდონის Chatham House-ის ანალიტიკოსმა, დუნკან ალანმა დაწერა კვლევაში, შეთანხმებები “დაფუძნებულია უკრაინის სუვერენიტეტის ორ შეუთავსებელ ინტერპრეტაციაზე: არის თუ არა უკრაინა სუვერენული, როგორც უკრაინელები ამტკიცებენ, თუ უნდა შეიზღუდოს მისი სუვერენიტეტი, როგორც ამას რუსეთი ითხოვს?”.

არსებობს თუ არა გამოსავალი?

უკრაინისთვის უფრო რთული იქნება შეთანხმების შესრულება რუსული ინტერპრეტაციით, ვიდრე დაპირება, რომ არ შეუერთდება ნატოს, თუმცა კიევის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ვალდებულებას არ აიღებს. 2015 წელს შეთანხმებების განხორციელების შეზღუდულმა ძალისხმევამაც კი გამოიწვია ძალადობრივი პროტესტი კიევში. 2021 წლის დეკემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 75% თვლის, რომ მინსკის შეთანხმებები ან უნდა შეიცვალოს, ან უკრაინამ მის შესრულებაზე უარი უნდა თქვას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ ჩემპიონი