LIVE

იენს სტოლტენბერგი: ყველაზე უარესისთვის მზად ვართ

16 თებ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1011
იენს სტოლტენბერგი: ყველაზე უარესისთვის მზად ვართ
John Thys/AFP via Getty Images

ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ორდღიან შეხვედრას იწყებენ. მთავარი თემა უკრაინაში მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირება იქნება.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიას განუცხადა, რომ ნატო მზადაა დიალოგისთვის, თუ რუსეთი მზად არის დიპლომატიას მისცეს შანსი. 

“ვმუშაობთ საუკეთესო, მშვიდობიანი, პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, მაგრამ ასევე მზად ვართ ყველაზე უარესისთვის - რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში. მოვუწოდებთ მათ, გააკეთონ ის, რასაც ამბობენ და რეალურად მოახდინონ დეესკალაცია - ეს არის ძალების გაყვანა და ეს იქნება საუკეთესო წვლილი დაძაბულობის შესამცირებლად და ევროპაში ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, განცხადებების მიუხედავად, რუსული ჯარის რაოდენობა უკრაინის საზღვარზე კვლავ იზრდება. სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საზღვარზე დეესკალაცია არ მომხდარა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალებს საზღვრიდან გაიყვანს.

რუსეთის მიერ ჯარის გაყვანის შესახებ განცხადებებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც.

“მართალი გითხრათ, ჩვენ ვრეაგირებთ იმ რეალობაზე, რომელიც გვაქვს და ჯერ არ გვინახავს უკანდახევა. რაც შეეხება მუქარას - არაერთხელ მითქვამს, რომ ნებისმიერ მუქარაზე მშვიდად ვხვდებით, რადგან ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა. ეს მრავალი წელია გრძელდება”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან საუბრისას. 

ზელენსკი ამბობს, რომ როდესაც ჯარებს გაიყვანენ, “ამას ყველა დაინახავს” და არა მხოლოდ სამხედროები ან დაზვერვა, “მაგრამ ჯერჯერობით, ეს მხოლოდ განცხადებებია”.