
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების შესაჩერებლად უპრეცედენტო ნაბიჯს მიმართავს. საგანგებო სიტუაციების შესახებ კანონის ფარგლებში, ის მომიტინგეების საბანკო ანგარიშების გაყინვას გეგმავს.
ტრუდოს განცხადებით მიღებული ზომები არის "დროებითი", "გონივრული და პროპორციული". გამოსვლების დასაშლელად სამხედრო ძალის გამოყენებას არ განიხილავს.
კანონით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ბანკებს შეუძლიათ ნებისმიერი მომიტინგეს პირადი ანგარიშები გაყინონ.
პოლიციას მიეცემა მეტი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ დააპატიმრონ ან დააჯარიმონ მომიტინგეები და დაიცვან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
კანადის ვიცე-პრემიერის, კრისტია ფრილენდის განცხადებით, დემონსტრაციებში მონაწილე პირებს ასევე შეიძლება შეუჩერდეთ სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა.
მისი თქმით, კანადა აფართოებს "ტერორისტების დაფინანსების" შესახებ კანონს. ახალი რეგულაცია გავრცელდება კრიპტოვალუტასა და ქრაუდფანდინგზეც.
ჰაკერების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქრაუდფანდინგის პლატფორმაზე GiveSendGo სატვირთო მანქანებისთვის განხორციელდა 93,000 შემოწირულება, რომლის საერთო ოდენობამ $8,4 მილიონი შეადგინა.
პრემიერ-მინისტრის კრიტიკოსებმა გაიხსენეს, რომ მან 2021 წელს მხარდაჭერა გამოუცხადა ინდოელ ფერმერებს, რომლებმაც ნიუ-დელიში გადაკეტეს მთავარი მაგისტრალები. იმ დროს ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა ყოველთვის დაიცავს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.
კანადაში საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა კანონები, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა და საზღვრის გადაკვეთისთვის სატვირთო მანქანების მძღოლების სრულ ვაქცინაციას მოითხოვს. მოგვიანებით საპროტესტო აქციები კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ გამოსვლაში გადაიზარდა. კანადის დედაქალაქში ამ დროისთვის ასობით დემონსტრანტი და 400-დან 500-მდე სატვირთო მანქანა რჩება.
1988 წელს მიღებული საგანგებო სიტუაციების შესახებ კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ "გადაუდებელ და კრიტიკულ ვითარებაში", რომელიც "სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანადელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას". კანადის იუსტიციის მინისტრმა დევიდ ლამეტიმ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, ეს პირობები დაკმაყოფილებულია და კანონის გამოყენება დასაშვებია, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამით საფრთხე ექმნება ქვეყანაში დემოკრატიას და გამოხატვის თავისუფლებას.
კანონის ამოქმედებას საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა სჭირდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაიან პლატი