მერძევეობის სექტორს კომპანიები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. მიზეზი ნედლეულის დეფიციტი და არასამართლიანი კონკურენციაა, რამაც პანდემიის პერიოდში ბიზნესი კიდევ უფრო დააზარალა.
ფერმერები ბაზარზე კონტროლის მექანიზმის გაძლიერებასა და ე.წ. შავ ბაზარზე არსებული საქმიანობის აღმოჩენას ითხოვენ.
"არ შეიძლება, საწარმოს გარეთ რძის პროდუქტი დამზადდეს. საუბარი არ არის იმაზე, რომ გლეხმა მცირე რაოდენობით არ დაამზადოს და გაყიდოს, ამის აკრძალვა არ არსებობს. მეწარმეები, რომლებიც რეგულაციებს ვიცავთ, ეს დანახარჯებთანა არის დაკავშირებული, აკრძალული საქმიანობა კი არ კონტროლდება",- აცხადებს "მილიანოს" დამფუძნებელი, ანა ვიდერჰოლდი.
მერძევეობის სექტორში კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა განათლება და დაბალი პროდუქტიულობაა. ბიზნესი სახელმწიფოსგან რძის სექტორის სუბსიდირებას ითხოვს, რათა ქვეყანაში სასელექციო ფერმები გაჩნდეს, პროდუქტიულობა კი გაიზარდოს.
"სასელექციო ფერმები უნდა გაჩნდეს, სადაც მაღალ პროდუქტიულ საქონელზე იმუშავებს სახელმწიფო და დაურიგებს ამ საქონელს, ან გამოსყიდვის წესით, ან 50-50-ზე გრანტის პირობებში. ასე გააკეთა ყველა ნორმალურმა სახელმწიფომ",- აცხადებს "მეყველეთა გილდიის" თავმჯდომარე ანა მიქაძე.