LIVE

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, დამარცხებული აშშ აღმოჩნდება - მოსაზრება

14 თებ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 10205
თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, დამარცხებული აშშ აღმოჩნდება - მოსაზრება

შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში? ვაშინგტონის ყველაზე დიდი გამოცნობანას თამაში გახდა. აშშ-ს ოფიციალური პირების უმეტესობა, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ პასუხი დადებითია. ამავდროულად, რუსეთი შეჭრის განზრახვის უარყოფას განაგრძობს. თუმცა, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნაბიჯს მაინც გადადგამს, ეს არ იქნება კრიზისის დასასრული. რუსეთი უბრალოდ გააძლიერებს თავის მიღწევებს, მსოფლიო კი ცხოვრებას გააგრძელებს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში 2008 წელს და ყირიმის შემთხვევაში 2014 წელს მოხდა.

ეს ასევე იქნება უფრო მკვეთრი, გაჭიანურებული დაპირისპირების დასაწყისი აშშ-რუსეთს შორის, რომელიც შეიძლება სახიფათოდ გამწვავდეს და სერიოზული გართულებები შეუქმნას ამერიკის გლობალურ სტრატეგიას.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის სტრატეგია რუსეთისთვის მოლაპარაკებების შეთავაზებას მოიცავს მისთვის პრობლემატურ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, სახმელეთო სარაკეტო სისტემების განთავსება უკრაინაში ან აღმოსავლეთ ევროპაში. ამგვარი დიპლომატიური ჩართულობა აუცილებელია, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნერვიული მოკავშირეების დასაკმაყოფილებლად, ისე პუტინისთვის ინტერვენციის გონივრული საბაბის ჩამორთმევისთვის.

მიუხედავად ამისა, თეთრი სახლის ადმინისტრაცია უარს ამბობს მოლაპარაკებებში გაიღოს უკრაინის უფლება, აირჩიოს საკუთარი გეოპოლიტიკური მიმართულებები. მან უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომ NATO-მ ფაქტობრივად მიატოვოს აღმოსავლეთ ევროპა.

მიზანი პუტინისთვის კრიზისიდან გამოსვლისთვის გზის შეთავაზებაა,  პარალელურად იმის უფრო მეტის დაპირებით, რაც მას სძულს - NATO-ს ძალები მის საზღვრებთან ახლოს და სტრატეგიული ზეწოლა რუსეთის მტრებისგან - თუ ის უარს იტყვის შეთავაზებაზე.

სამწუხაროდ, გონივრული სტრატეგიები ყოველთვის არ არის წარმატებული. პუტინმა შეიძლება გათვალოს, რომ შეჭრის ხარჯები ნაკლებია, ვიდრე უკრაინის დასავლეთთან დაახლოების ხარჯი. მას შეიძლება ეშინოდეს, რომ ახლა უკან დახევა დასავლეთის შემაკავებელი ზომების საპასუხოდ, სისუსტის ნიშანი იქნება როგორც სახლში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ამასთან, თუ რუსეთი გამოიყენებს ძალას, აშშ მზად იქნება დაუყოვნებლივი პასუხისთვის. ვაშინგტონმა მოკავშირეებთან ერთად იმუშავა სანქციებზე და სხვა ზომებზე, რომლებსაც ის თავდასხმის შემდეგ რამდენიმე კვირაში გამოიყენებს.

საკითხავია, რა ხდება მერე.

პუტინი უბრალოდ არ დაჯდება, სანამ ამერიკა მისი ეკონომიკის ჩახშობას, უკრაინაში მისი ძალების განადგურებას და სტრატეგიული მდგომარეობის გაუარესებას ეცდება. როდესაც ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა 2014 წელს, პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს სანქციები დაუწესეს, პუტინმა ამას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევით უპასუხა. დღეს პუტინს საპასუხო ტკივილის მიყენების სხვა უამრავი ვარიანტი აქვს.

ამ შემთხვევაში აშშ და რუსეთი აღმოჩნდებიან უფრო ხანგრძლივ, ინტენსიურ დაპირისპირებაში, სადაც ორივე მხარე აგრესიულად იქნება ჩართული ერთმანეთის სისუსტეების მოძიებაში. შეერთებული შტატების პოლიტიკის მიზანი შესაძლოა, რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობიდან მოსკოვის ძლიერების შემცირებაზე გადავიდეს.

თუმცა, ეს აჩენს მეორე კითხვას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამერიკის უფრო ფართო გლობალურ პოზიციას. ბაიდენის საგარეო პოლიტიკა და თავდაცვის სტრატეგია, ჯერჯერობით, მიზნად ისახავს მშვიდობის მიღწევას არა აზიურ ფრონტებზე, რათა ვაშინგტონმა ჩინეთზე ფოკუსირება შეძლოს. ეს მიდგომა ევროპის ომს ვერ გადაურჩება.

აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების მკვეთრი გაუარესება ამერიკის უფრო დიდ ყურადღებას და რესურსებს მოითხოვს, მაშინაც კი, თუ NATO-ს მოკავშირეები თამაშს გააძლიერებენ. აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც უკვე დამძიმებული იყო ჩინეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის მოსამზადებლად, კიდევ უფრო ნაკლებად ადეკვატური გამოჩნდება.

ამავდროულად, რუსეთი და ჩინეთი შესაძლოა დაახლოვდნენ, რაც კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს შეუქმნის ვაშინგტონს. ადმინისტრაცია, რომელმაც უარყო იდეა, რომ მას თუნდაც ერთი „ცივი ომი“ ემუქრება, შეიძლება ორის წინაშე აღმოჩნდეს, რაც აშშ-ს გაცილებით მეტად დაბეგრავს, ვიდრე ამჟამად ამერიკელების უმეტესობას წარმოუდგენია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰალ ბრენდსი