LIVE

Apple-ი საცალო ვაჭრობაში დასაქმებულებისთვის ანაზღაურებას ზრდის

13 თებ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 839
Apple-ი საცალო ვაჭრობაში დასაქმებულებისთვის ანაზღაურებას ზრდის
Bloomberg

Apple-ი აშშ-ს საცალო ვაჭრობაში დასაქმებულებისთვის ანაზღაურებას ზრდის. კომპანიამ გადაწყვეტილება დასაქმების ბაზარზე კადრების დეფიციტის, დაჩქარებული ინფლაციის და თანამშრომლების მხრიდან Covid-19-ის დროს სამუშაო პირობების შესახებ უკმაყოფილების ფონზე მიიღო.

iPhone-ის მწარმოებელმა ანაზღაურების გაზრდის შესახებ მიმდინარე კვირაში თანამშრომლებთან ინდივიდუალური შეხვედრების დროს გამოაცხადა.

ანაზღაურების ზრდა, რომელიც 2%-დან 10%-მდე მერყეობს, მაღაზიის მდებარეობისა და დასაქმებულის როლის მიხედვით განისაზღვრება და შეეხება როგორც გაყიდვების თანამშრომლებს, ასევე ტექნიკურ მიმართულებას და საათობრივად მომუშავეებს. ზრდა არ ვრცელდება ყველა თანამშრომელზე. ასევე, ჯერჯერობით ცნობა არ მიუღია კომპანიის ყველა მაღაზიას.

ბიზნესებს მთლიანად შეერთებული შტატებში უჭირთ მუშახელის პოვნა, რადგან ეკონომიკა პანდემიის შემდგომ აღდგენის ფაზაშია. დაჩქარებული ინფლაცია დამატებით ზეწოლას ახდენს დასაქმების ბაზარზე.

შეგახსენებთ, აშშ-ში ინფლაცია იანვარში 7,5%-მდე დაჩქარდა, რაც ყველაზე სწრაფი წლიური ზრდის ტემპია 1982 წლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ Apple-ს, რომელიც 200 მილიარდზე მეტ ფულად რეზერვს ფლობს, საცალო ვაჭრობის თანამშრომლები ანაზღაურების ნელა ზრდის გამო უკვე დიდი ხანია უჩივიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი