LIVE

Meta ირწმუნება, რომ ევროპას არ ტოვებს

09 თებ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1188
Meta ირწმუნება, რომ ევროპას არ ტოვებს

Meta Europe-ის საჯარო პოლიტიკის ვიცე-პრეზიდენტი, მარკუს რეინიში ირწმუნება, რომ Meta ევროპას დატოვებით არ ემუქრება. რეინიში Meta-ს ყოველწლიურ ანგარიშში Facebook-ისა და Instagram-ის ევროპიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ კომენტარს კომპანიის ბლოგპოსტში განმარტავს.

"პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მონაცემთა გადაცემის მექანიზმებთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო ჩვენ ევროპიდან გასვლით ვიმუქრებით, ეს არ არის სიმართლე",- ნათქვამია კომპანიის ბლოგპოსტში.

რეინიში ასევე განმარტავს, რომ Meta-ს, ისევე როგორც ყველა საჯარო კომპანიას, ლეგალური ვალდებულება აკისრია ინვესტორებს მატერიალური რისკების შესახებ გაუმხილოს. მისი თქმით, გასულ კვირას კომპანიამ წინა ოთხი ფინანსური კვარტლის მსგავსად გაამჟღავნა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მონაცემთა გადაცემის მექანიზმების შესახებ მუდმივი გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის კომპანიის უნარს, მოემსახუროს ევროპელ მომხმარებლებს და აწარმოოს ბიზნესი ევროპაში.

"ჩვენ აბსოლუტურად არ გვაქვს ევროპიდან გასვლის სურვილი. მაგრამ მარტივი რეალობა არის ის, რომ Meta, ისევე როგორც მრავალი სხვა ბიზნესი, ორგანიზაცია და სერვისი, ეყრდნობა მონაცემთა გადაცემას ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. სხვა საერთაშორისო და ევროპული ბიზნესების, ბრენდებისა და სავაჭრო ორგანიზაციების მსგავსად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ განვაგრძობთ პროგრესს "კონფიდენციალურობის ფარის" ჩანაცვლებისკენ, რათა დავიცვათ ტრანსატლანტიკური მონაცემების გადაცემა",- ნათქვამია ბლოგპოსტში.

შეგახსენებთ, რომ ევროპული კანონებით, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვას, მომხმარებლების მონაცემები ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. შესაბამისად, Meta-ს არ აქვს უფლება, რომ გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე. 

იმის გამო, რომ Meta-მ ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, მისი პლატფორმების ევროპაში მუშაობა საფრთხის ქვეშაა.