LIVE

აშშ-ში ირმებს Covid-19-ის ომიკრონ ვარიანტი დაუდასტურდათ - კვლევა

09 თებ 202213:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 670
აშშ-ში ირმებს Covid-19-ის ომიკრონ ვარიანტი დაუდასტურდათ - კვლევა
Eva Hambach/AFP/Getty Images

გასული წლის დეკემბერში აშშ-ში Covid-19-ის შტამ ომიკრონის ტალღამ მხოლოდ ადამიანები არ დააზარალა. პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უაღრესად ინფექციური შტამი ნიუ-იორკში, სტეიტენ-აილენდზე თეთრ-კუდიანი ირმების პოპულაციაშიც დაფიქსირდა. 

კვლევის მიხედვით, 13 დეკემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში ცხვირის ნაცხის ტესტის შედეგად, ომიკრონის ვარიანტი სტეიტენ-აილენდის 68 ირმიდან შვიდს აღმოაჩნდა. 

კვლევის ხელმძღვანელის, პენსილვანიის შტატის ვირუსოლოგის, სურეშ კუჩიპუდის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ში ირმები კოვიდით დაინფიცირდნენ, თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, ომიკრონი ირმების ან გარეული ცხოველების რომელიმე პოპულაციაშიც გავრცელდეს.  

კუჩიპუდის თქმით, ირმებში ინფექციის აღმოჩენა საყურადღებოა, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ ვაქცინარეზისტენტული მუტაციები შეუმჩნევლად განვითარდეს ცხოველებში. 

მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი შედარებით მსუბუქ ავადმყოფობას იწვევს, მეცნიერები შიშობენ, რომ შესაძლოა, გაჩნდეს ახალი,  ვარიანტები, რომლებიც ადამიანებს უფრო ავად გახდის.

"მთავარი საფიქრალი არის ის, რომ როდესაც ვირუსს, რომელიმე ცხოველურ მასპინძელში ცირკულაციის საშუალება ეძლევა, ევოლუციის სირთულის შეფასება და გაგება ძალიან რთული ხდება.

ირმებსა და პოტენციურად სხვა ცხოველებში SARS-CoV-2-ის უკონტროლო ან გადაუმოწმებელმა გადაცემამ შეიძლება გამოიწვიოს სრულიად ახალი ვარიანტების გაჩენა, რამაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს არსებული ვაქცინებით უზრუნველყოფილ დაცვას",- ამბობს მეცნიერი.

კუჩიპუდიმ ასევე აღნიშნა, რომ კვლევაში მონაწილე ერთ-ერთ ინფიცირებულ ირემს COVID-19 წინა ინფიცირების შედეგად ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რეინფიცირება ცხოველებშიც შესაძლებელია. 

კვლევა USDA-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსდა. მას სამეცნიერო შეფასება (peer-review) ჯერჯერობით არ გაუვლია. 

ირმები სტეიტენ-აილენდზე ნიუ-ჯერსიდან ცურვით მოხვდნენ. ცხოველები დიდი ხანია რაიონის მემანქანეებსა და მებოსტნეებს პრობლემებს უქმნიან.

უახლესი მონაცემებით, სტეიტენ-აილენდზე ირმების პოპულაცია 2017 წლიდან 21%-ით, 1616 ერთეულამდე შემცირდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია