LIVE

გერმანიის ყოფილი კანცლერი Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოში წარადგინეს

05 თებ 202213:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1440
გერმანიის ყოფილი კანცლერი Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოში წარადგინეს
Alexei Nikolsky/AP Photo/RIA Novosti

გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერი რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის, Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოში წარადგინეს. მისი დანიშვნის პროცესი 30 ივნისს, ყოველწლიურ საერთო კრებაზე დასრულდება.

შროდერი ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს, ტიმურ კულიბაევს შეცვლის. კულიბაევი თანამდებობიდან იანვარში, ყაზახეთში მომხდარი ძალადობრივი არეულობის შემდეგ გაათავისუფლეს.

შროდერი, რომელიც გერმანიას 1998 წლიდან 2005 წლამდე მართავდა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობარია. მისი კავშირები რუსეთთან ხშირად ხდება დაპირისპირების წყარო, მათ შორის მის პარტიაში, რომელიც ახალ კოალიციურ მთავრობას ხელმძღვანელობს.

შროდერი უკვე იკავებს არაერთ მაღალ თანამდებობას რუსულ ბიზნესში. ის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, Nord Stream-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარე და Nord Stream 2 AG-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტია.

Nord Stream 2-ის გაზსადენი რუსეთსა და გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს. კრიტიკოსები, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, აცხადებენ, რომ Nord Stream 2 შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბერკეტი ევროპის ქვეყნებისა და უკრაინის წინააღმდეგ.

გერჰარდ შროდერი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი უკრაინასთან მიმართებაში პროკრემლისტური პოზიციის გაჟღერების გამო. 28 იანვარს გამოქვეყნებულ პოდკასტში ყოფილმა კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი არ უნდა ჩასულიყო კიევში მოსკოვში წასვლამდე და თქვა, რომ უკრაინაში მოგზაურობა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც “პროვოკაცია”.

2018 წელს Wall Street Journal-მა გერჰარდ შროდერს “ფუფუნების მოყვარული, კარგად ანაზღაურებადი, ვლადიმერ პუტინის მომხიბვლელი ინსტრუმენტი” უწოდა და ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა მიზეზი, არ დაეკისრებინათ მისთვის სანქციები ისევე, როგორც რუსი ოლიგარქებისთვის.