LIVE

პუტინი ოლიმპიადაზე ჩინეთისთვის გაზის მიწოდების შეთანხმებით ჩავიდა

04 თებ 202215:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 1035
პუტინი ოლიმპიადაზე ჩინეთისთვის გაზის მიწოდების შეთანხმებით ჩავიდა
Aleksey Druzhinin/Kremlin via REUTERS

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩავიდა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. რუსეთის ლიდერმა ჩინეთს დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე გაზის მიწოდების გაზრდა შესთავაზა.

პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთმა მოამზადა ახალი შეთანხმება ჩინეთისთვის დამატებით 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ.

ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეხვედრამ ახალი ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

რუსეთი აძლიერებს კავშირებს ჩინეთთან, მსოფლიოს უმსხვილეს ენერგომომხმარებელთან.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომლის ჩატარებაც პანდემიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, უკრაინის გარშემო არსებულმა დაძაბულობამ დაჩრდილა. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ზოგიერთმა მოკავშირემ ადამიანის უფლებების დარღვევის პროტესტის ნიშნად თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს. 

“მინდა მადლობა გადაგიხადოთ ოლიმპიური თამაშების გახსნაზე დაპატიჟებისთვის. ვიცით, რომ ეს უზარმაზარი სამუშაოა. დარწმუნებული ვარ, ჩინელმა მეგობრებმა ამას ბრწყინვალედ გაართვეს თავი, როგორც ამას აკეთებთ ყოველთვის, როდესაც ამზადებთ ამხელა ღონისძიებას”,- განუცხადა პუტინმა სი ძინპინს.