LIVE

სამხრეთ აფრიკაში Moderna-ს იდენტური ვაქცინა შექმნეს

04 თებ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 586
სამხრეთ აფრიკაში Moderna-ს იდენტური ვაქცინა შექმნეს

სამხრეთ აფრიკის ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Afrigen Biologics-მა Moderna-ს ტექნოლოგიაზე დაყრდნობით საკუთარი ვაქცინა შექმნა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პრეპარატი ადამიანებზე მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიცდება. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ფართოდ გამოყენებული ვაქცინის ასლი დეველოპერის დახმარებისა და თანხმობის გარეშე იქმნება. კომპანიამ პრეპარატი საჯაროს ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავა. 

ის ასევე არის პირველი mRNA ვაქცინა, რომელიც შექმნილი და წარმოებულია  აფრიკის კონტინენტზე.

Afrigen-ი "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) მიერ კეიპტაუნში შექმნილი ვაქცინაციის ჰაბის ნაწილია. 

Moderna-ს წარმომადგენლებს ახალი Afrigen-ის განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუვრცელებიათ. 

Afrigen-ი არის ლაბორატორია, რომელიც აწარმოებს ვაქცინის შემადგენელ მასალებს. ის საბოლოო ტექნოლოგიას გადასცემს უფრო დიდ კომპანიებს, რომლებსაც ნივთიერების უფრო დიდი მასშტაბით წარმოება შეუძლიათ.

Afrigen-ი სამომავლოდ mRNA ვაქცინების შექმნას საკუთარ ტექნოლოგიაზე დაყრდნობითაც გეგმავს. 

WHO-ს ინიციატივით, კეიპტაუნში ვაქცინაციის ჰაბი გასული წლის ივნისში გაიხსნა და მისი მიზანი აფრიკის მოსახლეობისთვის ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.  

WHO-ს სურდა, რომ ჰაბი mRNA ვაქცინების მთავარ მწარმოებელთან პარტნიორობით ჩამოყალიბებულიყო, თუმცა კომპანიებმა, მათ შორის Pfizer-მა, BioNTech-მა და Moderna-მ, მისი მოთხოვნა უარყო და საკუთარი ტექნოლოგიისა და გამოცდილების გაზიარებაზე უარი განაცხადა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანტონი სგუაცინი