LIVE

ევროკავშირის მთავარი დიპლომატი შესაძლოა რუსეთში ჩავიდეს

20 იან 202117:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 404
ევროკავშირის მთავარი დიპლომატი შესაძლოა რუსეთში ჩავიდეს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თებერვალში რუსეთში ვიზიტს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას გეგმავს.

ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგება ბლოკის სულ მცირე ხუთი წევრი ქვეყანა, რომლებიც ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო ვიზიტის გადადებას ითხოვენ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატების შეხვედრაზე რუმინეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის და პოლონეთის ელჩებმა ჯოზეფ ბორელი გააფრთხილეს, რომ რუსეთი შეხვედრას პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს. შეხვედრაზე დიპლომატებმა ასევე განაცხადეს, რომ  ნავალნის დაპატიმრება არ არის იზოლირებული შემთხვევა და ის რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ჩახშობის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.

ჯოზეფ ბორელიმ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ვიზიტის საჯარო კრიტიკის გამო უსაყვედურა და მათი საწინააღმდეგო პოზიცია არ გაითვალისწინა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის, გერმანია და საფრანგეთი, მხარს უჭერენ ჟოზეფ ბორელის ვიზიტს. ისინი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირისთვის აღნიშნული ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, საიმისოდ, რომ ბლოკმა კრემლში ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერი გზავნილი ჩაიტანოს. 

კულუარებში მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მკვეთრი განსხვავებები ბლოკის 27 წევრს შორის, მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. რუსეთი ნაკლებ ყურადღებას აქცევს დასავლეთის კრიტიკას და საერთოდ უარყოფს ოპოზიციის ლიდერის მოწამვლას.

ჯერჯერობით, ევროპამ მხოლოდ თითი დაუქნია რუსეთს, წინა სანქციებმა კი პრაქტიკულად ვერ შეაკავა პუტინის საგარეო პოლიტიკის ქმედებები. სანქციების დაწესება ევროკავშირის ყველა წევრისგან ერთსულოვნებას მოითხოვს. ყოფილი კომუნისტური ქვეყნები კი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან რუსეთის მიმართ მათი სიახლოვისა და ისტორიის გათვალისწინებით.

18 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილში ბორელმა დაგმო ნავალნის დაკავება, მაგრამ სადამსჯელო ზომებზე არ უსაუბრია. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და ბლოკის ლიდერები ნავალნის შემდგომ შეხვედრებზეც განიხილავენ, ხოლო რუსეთთან უფრო ფართო ურთიერთობებზე თებერვალსა და მარტში იმსჯელებენ.

დისკუსიის ჩანაწერების თანახმად, სულ მცირე რვა წევრი ქვეყანა, მათ შორის დანია და იტალია, მზად არიან მხარი დაუჭირონ სანქციებს, სხვები კი ამბობენ, რომ ისინი შემდგომ დიპლომატიურ ზომებზე მსჯელობისთვის არიან მზად.

თუ ჟოზეფ ბორელი მოსკოვს ეწვევა, 2017 წელს ფრედერიკა მოგერინისა და ლავროვის შეხვედრის შემდეგ ეს პირველი ამ რანგის ვიზიტი იქნება რუსეთში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი