LIVE

კოვიდინფიცირებული ორსულები ჩვილებს ვირუსს, სავარაუდოდ, არ გადასცემენ

02 თებ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1351
კოვიდინფიცირებული ორსულები ჩვილებს ვირუსს, სავარაუდოდ, არ გადასცემენ

ორსული ქალები, რომლებიც მშობიარობისას, კოვიდინფიცირებულები არიან, ახალშობილებს ვირუსს იშვიათად გადასცემენ. ახალი კვლევების მიხედვით, ანალიზები აჩვენებს, რომ ჩვილებს კოვიდი ხშირად არ უდასტურდებათ.

კვლევების თანახმად, ეს ორსული ქალის სისხლში ვირუსის ნაკლებობას უკავშირდება. SARS-CoV-2 ხშირად არ არის წარმოდგენილი სისხლის ნიმუშებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის ჩვეულებრივ ვერ აღწევს ინფიცირებული ადამიანის სისხლში.

„Covid-19-მა ორსულის საშვილოსნომდე რომ მიაღწიოს, ის უნდა ცირკულირებდეს სისხლში. იმის გამო, რომ ის სისხლში ძალიან ხშირად არ ცირკულირებს, არ იქნება ბევრი ქალი, რომლის საშვილოსნომდე, პლაცენტამდე და ბავშვამდე ვირუსი აღწევს”,- ამბობს ეპიდემიოლოგი და პათოლოგი, დევიდ შვარცი. 

მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში, პაციენტთა მხოლოდ 6%-ს დაუფიქსირდა ვირუსი სისხლში. სხვა ბოლოდროინდელი მონაცემები მიუთითებს, რომ ვირუსის სისხლში არსებობა შეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო სერიოზულ დაავადებასთან. 

შვარცი აღნიშნავს, რომ კოვიდის ორსულობაზე გავლენის მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია. მაგალითად, ორსული ქალებიდან ახალშობილებზე ვირუსის გადაცემის შესახებ კვლევების უმეტესობა ჩატარდა მანამ, სანამ ომიკრონი და დელტა გაჩნდებოდა.

CDC-ის განმარტებით, ახალშობილთა მცირე რაოდენობაში, რომლებიც კოვიდით დაიბადნენ, ინფექციების უმეტესობა მსუბუქი ან ასიმპტომურია. მსგავს დასკვნას აქვეყნებს "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც". 

CDC-მ გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც დედიდან ბავშვზე გადაცემის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იყო. ხოლო ერთი წლის გავრცელებული კვლევით, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 4000-ზე მეტი ქალის მშობიარობის მონაცემს აანალიზებდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია - დაახლოებით 2%.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ჩვილები კოვიდით ინფიცირებულები ხშირად არ იბადებიან, ვირუსი ორსულს და ნაყოფს სერიოზულ რისკს უქმნის. ბოლო კვლევებმა აღმოაჩინა კავშირი ორსულობის დროს Covid-19 ინფექციასა და ნაადრევ მშობიარობასთან და მკვდრადშობადობასთან.

მეცნიერები ორსულებს მოუწოდებენ, რომ აიცრან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ასევე, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები მკაცრად რეკომენდებულია ორსულებისთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იცავს მომავალ დედებს სერიოზული ავადმყოფობისგან, არამედ იმიტომ, რომ ვაქცინის ანტისხეულებს შეუძლიათ პლაცენტაში გადაადგილება, რათა დაეხმაროს ჩვილების იმუნიტეტის ამაღლებას, სანამ ისინი აცრის ასაკს მიაღწევენ. არსებობს მტკიცებულება, რომ იგივე დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს Covid-19-ის ვაქცინაციას. 

Weill Cornell Medicine-ის რეფერირებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მათ, ვინც ორსულობისას ვაქცინირებული იყო, ანტისხეულების გამომუშავება პირველი დოზის მიღებიდან რამდენიმე დღეში დაიწყეს. სულ რაღაც ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, მათ ჩვილებისთვის „პასიური იმუნიტეტის“ გადაცემა დაიწყეს.

ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ საშვილოსნოში ჩვილის კოვიდით ინფიცირება ნაკლებად სავარაუდოა, ის დაცული იქნება სამყაროში შემოსვლის პირველივე წუთებიდან. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მედისონ მიულერი