LIVE

ოლიმპიადის წინ პეკინში ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა

31 იან 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 510
ოლიმპიადის წინ პეკინში ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა
Bloomberg

გასული 3 დღის განმავლობაში პეკინში ოლიმპიადისთვის მყოფ პირებს შორის Covid-19-ით ინფიცირების 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღეში საშუალოდ 36-მა შემთხვევამ 25-27 იანვრის სამდღიანი საშუალო მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა. ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე ოთხი დღით ადრე, შემთხვევების ჯამური რაოდენობა 248-მდე გაიზარდა. 

ჩინეთში ინფიცირების შემთხვევების რიცხვი უკვე უსწრებს გასულ წელს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელს. იაპონიის დედაქალაქში სპორტული ღონისძიებების გახსნამდე სამი კვირის განმავლობაში სულ 121 შემთხვევა აღირიცხა. 

ამავე დროს, პეკინში ოლიმპიადაში ჩართულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებში ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია. სხვადასხვა გუნდებში ვირუსი სულ 51 პირს დაუდასტურდა. დარჩენილი 197 შემთხვევა მოდის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეზე, მათ შორის, ჟურნალისტებსა და დიპლომატებზე. 

ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტში ვარაუდობენ, რომ ოლიმპიადასთან დაკავშირებული შემთხვევების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან სტუმრების დიდ ნაწილს ქალაქში ჯერ კიდევ ელოდებიან.  

ყველა, ვინც პეკინში ოლიმპიადისთვის ჩავიდა, მკაცრად კონტროლდება. ჩინეთის მთავრობა ცდილობს, რომ სტუმრებიდან ინფექცია მოსახლეობაში არ გავრცელდეს. 

ჩინეთი დიდი ეკონომიკის მქონე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც პანდემიას ჯერ ჯერ კიდევ "ნულოვანი კოვიდის" სტრატეგიით ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ის მიმართავს ნაწილობრივ "ლოკდაუნებს" და მასობრივ კოვიდტესტირებას. თუმცა, ოლიმპიადის გამო, ქვეყანამ გარკვეული გამონაკლისები დაუშვა. მათ შორის, შეამცირა კარანტინის დრო. ღონისძიებაში ჩართულ პირებს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, ქვეყანაში მოქმედი 14-დღიანი კარანტინის ნაცვლად, მხოლოდ 7-დღიანი იზოლაცია უწევთ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია