LIVE

CNN: ბაიდენისა და ზელენსკის საუბარმა კარგად არ ჩაიარა

28 იან 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1921
CNN: ბაიდენისა და ზელენსკის საუბარმა კარგად არ ჩაიარა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ზარი "კარგად არ წარიმართა",- ამის შესახებ CNN უკრაინის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. მედიის ინფორმაციით, ლიდერები რუსული თავდასხმის "რისკის დონეზე" ვერ შეთანხმდნენ. 

თეთრი სახლი და ზელენსკის სპიკერი გავრცელებულ ინფორმაციას არ ეთანხმებიან. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ანონიმური წყაროები ყალბ ცნობებს ავცრელებენ. 

უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, ხანგრძლივი და გულწრფელი საუბრის დროს, ბაიდენმა უკრაინელი კოლეგა გააფრთხილა, რომ რუსეთის თავდასხმა შესაძლოა გარდაუვალი იყოს. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, თებერვალის ბოლოს შეიჭრას, როცა მიწა გაიყინება. 

წყაროს ინფორმაციით, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არის "საშიში, მაგრამ ორაზროვანი". ის დარწმუნებული არ არის, რომ თავდასხმა მოხდება.  

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ემილი ჰორნი ზარის შესახებ ინფორმაციას საეჭვოდ მიიჩნევს. 

"ანონიმური წყაროებიდან სიცრუე "ჟონავს". პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ რუსები შეიძლება უკრაინაში თებერვალში შეიჭრან. მან ეს საჯაროდ განაცხადა და ჩვენ ამის შესახებ თვეების განმავლობაში ვაფრთხილებდით. ამის შესახებ მეტი ან განსხვავებული ცნობები სრულიად მცდარია",- ამბობს ჰორნი. 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ჩინოვნიკის თქმით, ზარი საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ოფიციალური პირების განცხადებით, საუბარი პროდუქტიული იყო, რადგან ბაიდენმა და ზელენსკიმ რუსეთის ბოლოდროინდელი აგრესია ვრცლად განიხილეს.  

ბაიდენმა ზელენსკის ხელახლა დაუდასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ მას გადამწყვეტ პასუხს გასცემს. 

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ აშშ შეისწავლის "დამატებით მაკროეკონომიკურ მხარდაჭერის" შესაძლებლობას, რათა უკრაინის ეკონომიკას დაეხმაროს, თუმცა ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ აშშ მეტ სამხედრო დახმარებას არ გეგმავს. 

CNN ასევე წერს, რომ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მესიჯების შერბილება სთხოვა და პანიკის ეკონომიკური გავლენა შეახსენა. 

პენტაგონმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალის მობილიზება გასულ 24 საათში გაძლიერდა.  

აშშ ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციას მოახერხებს.