უახლესი კვლევის თანახმად, კვირაში 14 ერთეული ალკოჰოლის მიღება გულის დაავადებისა და ინსულტის რისკს ზრდის. აქამდე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) გაიდლაინით აღნიშნული დოზა უვნებლად მიიჩნეოდა.
ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ალკოჰოლის ნებისმიერი დოზის დადებით ეფექტზე მითითება არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და მისი მიღების არცერთი დონე არ უნდა ჩაითვალოს უსაფრთხოდ.
დოქტორ რუდოლფ შუტემ, ანგლია რასკინის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, თქვა, რომ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის შესახებ ვარაუდი “ალკოჰოლის დაბლიდან ზომიერ მოხმარებამდე ყველაზე დიდი მითია”.
კვლევა, რომელიც ჟურნალ Clinical Nutrition-ში გამოქვეყნდა, მოიცავდა ჰოსპიტალიზაციის კვლევას გულ-სისხლძარღვთა და ცერებრო-ვასკულური დაავადების გამო (ინსულტის ჩათვლით) 333,259 ადამიანში, რომლებიც მოიხმარდნენ ალკოჰოლს. კვლევის ყველა მონაწილე იყო 40-დან 69 წლამდე ასაკის და მონაწილეობდა UK Biobank-ის კვლევაში.
რუდოლფ შუტეს თქმით, “ლუდის, სიდრისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლებს შორის, მათთვისაც კი, ვინც კვირაში 14 ერთეულზე ნაკლებს მოიხმარს, გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამო საავადმყოფოში მოხვედრის რისკი იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გვესმის, თითქოს ღვინის მომხმარებლები გულის კორონარული დაავადების დაბალი რისკის ქვეშ არიან, მონაცემები აჩვენებს, რომ სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი არ მცირდება”.
კვლევაში მონაწილე პირებს ჰკითხეს ალკოჰოლის მოხმარების შესახებ და რამდენად სიამოვნებდათ გარკვეული სასმელების, მათ შორის ლუდის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მიღება და მათ შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ანალიზმა აჩვენა, რომ მათთვის, ვინც კვირაში 14 ერთეულზე ნაკლებ ალკოჰოლს მოიხმარს, ყოველ დამატებით 1,5 ლიტრიან 4%-იან ABV ლუდზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 23%-ით იზრდება.
რეკომენდებული ყოველკვირეული ლიმიტი 14 ერთეული უდრის ექვსი ლიტრი საშუალო სიძლიერის ლუდს, ან 10 პატარა ჭიქა მსუბუქი სიძლიერის ღვინოს.
კვლევის ავტორები ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს მოუწოდებენ, გადახედოს რეკომენდაციას 14 ერთეული ალკოჰოლის მიღების უვნებლობის შესახებ. ასევე, რუდოლფ შუტე მიიჩნევს, რომ თამბაქოს მსგავსად, ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე უნდა იყოს ნაჩვენები, თუ რამდენად საზიანოა ის ჯანმრთელობისთვის.
გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული NHS ციფრული მონაცემები აჩვენებს, რომ ალკოჰოლის მოხმარება 280,000 ადამიანის საავადმყოფოში მოხვედრის წამყვანი მიზეზი იყო 2019-2020 წლებში, რაც 2%-ით მეტია 2018-2019 წელთან შედარებით.
2019-2020 წლებში დაფიქსირდა თითქმის 980,000 ჰოსპიტალიზაცია, სადაც ალკოჰოლი იყო ჰოსპიტალიზაციის ან მეორადი დიაგნოზის მთავარი მიზეზი, რაც 4%-ით მეტია 2018-2019 წლებთან შედარებით.
ანალოგიური მოსაზრება აქვს გულის მსოფლიო ფედერაციას (WHF), რომელიც აცხადებს, რომ სასმლის ნებისმიერი დონე საფრთხეს უქმნის ჯანსაღ ცხოვრებას. ორგანიზაცია ცდილობს გააქარწყლოს გავრცელებული აზრი, რომ ალკოჰოლის ზომიერი რაოდენობით მიღებამ შეიძლება შეამციროს გულის დაავადების რისკი.
"ალკოჰოლი ფსიქოაქტიური და მავნე ნივთიერებაა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის სხეულს",- აცხადებს ფედერაცია, რომელიც "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან" ერთად მუშაობს.
ორგანიზაციამ ახალი პოლიტიკის ბრიფინგზე მთავრობებს მოუწოდა, სასწრაფოდ მიიღონ ზომები სასმელით გამოწვეული სიკვდილიანობის გლობალური ზრდის დასაძლევად.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: Press Association