კერძო სექტორი არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებების შეტანას ითხოვს.
ბიზნესი ამბობს, რომ მიზეზები, რის გამოც კომპანიას შესაძლოა აღნიშნული სტატუსი მიენიჭოს, საკმაოდ ფართოა და ახლავს რისკი, რომ კეთილსინდისიერ საწარმოს პრაქტიკულად ფუნქციონირების შესაძლებლობა აღარ მიეცეს. აუდიტორულ კომპანიებში ამბობენ, რომ ე.წ. ყალბი დღგ-ების შექმნის პრევენციისკენ მიმართულმა რეფორმამ პრობლემები უკვე არაერთ კომპანიას შეუქმნა, რადგან მათ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა აეკრძალათ.
კერძოდ, ბიზნესისთვის პრობლემურია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სტატუსი კომპანიას იმ შემთხვევაში ენიჭება, თუკი მას საგადასახადო დავალიანება აქვს. ასევე თუკი საწარმოს დამფუძნებელ პარტნიორს სხვა კომპანიაში უფიქსირდება დავალიანება.
„შემოსავლების სამსახური ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ ეს შეზღუდვები მხოლოდ პოტენციური დანაშაულის პრევენციის და მსგავსი ფაქტების გამოვლენისკენ იყოს მიმართული. თუმცა პრაქტიკა სხვა რამეს აჩვენებს. კერძოდ, ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც უმნიშვნელო საგადასახადო დავალიანების გამო კომპანიას არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი მიენიჭა და შესაბამისად, ფაქტობრივად, საქმიანობაც შეეზღუდა. მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურმა, რომ სხვადასხვა რისკების გამო კეთილსინდისიერი კომპანიების ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალოს“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, დავით პაპიაშვილმა.
ცნობისთვის, უკვე ერთი წელია, რაც ფინანსთა სამინისტრომ არაკეთილსინდისიერი კომპანიების გამოსავლენად და ე.წ. ყალბი დღგ-ების შექმნის პრევენციისთვის არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი შემოიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული კრიტერიუმების ვერ დადასტურების შემთხვევაში კომპანიებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერისა და დადასტურების უფლება შეეზღუდებათ.