LIVE

შესაძლოა, დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი გაიზარდოს

26 იან 202218:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 952

2023 წლიდან, შესაძლოა, დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი გაიზარდოს. ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა. 

„დეპოზიტების ზრდის ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს. მხოლოდ გასულ წელს ფიზიკური პირების დეპოზიტები 12.7%-ით გაიზარდა. გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, ზღვრის გადახედვას 3 წელიწადში ერთხელ ვგეგმავთ. საბანკო სექტორი ინფორმირებულია, რომ 2023 წლისთვის დეპოზიტების ზღვარი გადაიხედება“,- აღნიშნა ოთარ ძიძიკაშვილმა.

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, დეპოზიტების დაზღვევის სიტემას იურიდიული პირებიც შეუერთდნენ. სადაზღვევო ზღვარი 15 ათასი ლარია.

ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, დაზღვეული დეპოზიტების ჯამური მოცულობა, რომელიც ფიზიკურ პირებს ეკუთვნით, 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს. სისტემაში იურიდიული პირების დამატების შედეგად კი, დაზღვეული დეპოზიტების რაოდენობა, დაახლოებით, 500 მილიონი ლარით იზრდება.   

ამ ეტაპზე ქვეყანაში ფიზიკური პირების დეპოზიტების 22.5% და იურიდიული პირების დეპოზიტების, დაახლოებით, 8%-ია დაზღვეული. 

შეგახსენებთ, საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა. 2020 წელს კი, სადაზღვევო ზღვარი 5 ათასიდან 15 ათას ლარამდე გაიზარდა.