LIVE

დიდ ბრიტანეთს კიევიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილი გაჰყავს

24 იან 202214:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 819
დიდ ბრიტანეთს კიევიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილი გაჰყავს
GETTY IMAGES

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ბრიტანეთის საელჩოდან თანამშრომლების გაყვანა დაიწყო

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბრიტანელი დიპლომატები კონკრეტული საფრთხის წინაშე არ არიან, თუმცა კიევში მომუშავე პერსონალის დაახლოებით ნახევარი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი დიპლომატების გაყვანას არ აპირებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი, აშშ-ისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას არ გეგმავს. რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ–ის საელჩოდან თანამშრომლების უკრაინიდან გაყვანის ბრძანება გასცა. პირველ რიგში ნაკლებად მნიშვნელოვან თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს გაიყვანენ. შეერთებულმა შტატებმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის ევაკუაცია.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გააფრთხილა მოქალაქეები, რომ არ გაემგზავრონ უკრაინასა და რუსეთში არსებული დაძაბულობისა და "აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ შევიწროების საფრთხის გამო".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ საელჩოს თანამშრომლების ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება ნაადრევი იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის ფედერალური მთავრობა უკრაინაში მყოფ ავსტრალიის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას ურჩევს.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების გაძლიერების გამო, საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში მოგზაურობას მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ურჩევს.