LIVE

აშშ უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას განიხილავს - Bloomberg

21 იან 202218:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 846
აშშ უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას განიხილავს - Bloomberg

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციას განიხილავს.  

გეგმის მიხედვით, პერსონალს, რომელთა ადგილზე ყოფნა აუცილებელი არ არის, გამგზავრება ნებაყოფლობით შეუძლია, ხოლო დიპლომატების ოჯახებს სახლში დაბრუნება დაევალებათ. Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, ცნობილი რამდენიმე დღეში გახდეს. 

წყარო განმარტავს, რომ დაძაბულობის ფონზე აშშ-ის მხრიდან ევაკუაციის გადაწყვეტილება გონივრულ მომზადებაზე მიანიშნებს. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაში აუცილებლად შეიჭრება. 

აშშ-ის ოფიციალური პირები საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. 

ლავროვმა უკრაინის გარშემო დასავლეთის რეაქციას „ისტერიკა“ უწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმას არ გეგმავს.

Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთს საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. ბაიდენის ადმინისტრაცია პოტენციური შეჭრის შესახებ გაფრთხილებას აძლიერებს. 

დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. ბლინკენის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას მოსკოვის მიერ წამოჭრილ წუხილებს წერილობით უპასუხებს.

The New York Times-მა მიმდინარე თვის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატიური მისიების ოჯახის წევრები და ზოგიერთი პერსონალი გაიყვანა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი და ნიკ უადამსი