LIVE

ბაიდენი: ჩემი ვარაუდით, პუტინი უკრაინაში შეიჭრება - რუსეთი პასუხს აგებს

20 იან 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1496
ბაიდენი: ჩემი ვარაუდით, პუტინი უკრაინაში შეიჭრება - რუსეთი პასუხს აგებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ჯო ბაიდენმა ვრცლად ისაუბრა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, რუსეთის სავარაუდო ნაბიჯებსა და ინტერვენციის საპასუხო ზომებზე.

პუტინი უკრაინაში შეიჭრება

ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი, მაგრამ ის “უკრაინაში შევა”.

“არ ვარ დარწმუნებული, რომ მან ზუსტად იცის, რა უნდა. ჩემი აზრით, შეიჭრება. მან რაღაც უნდა გააკეთოს. რუსეთი აგებს პასუხს, თუ შეიჭრება”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ და ევროპელი მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში მიიღოს “სერიოზული ეკონომიკური შედეგები”. თუმცა, შტატების პრეზიდენტმა აღიარა - ნატოს მოკავშირეებს შორის საპასუხო ზომებზე აზრები გაყოფილია. 

მიუხედავად ამისა, ბაიდენმა პირობა დადო, რომ “უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მძიმე დარტყმა მიაყენონ რუსეთის ეკონომიკას”.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეჭრის შემთხვევაში მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს თავდაცვითი საშუალებებით მოამარაგებენ. შესაბამისად, “უკრაინაში შეჭრის ფიზიკური დანაკარგი რუსეთისთვის მძიმე იქნება”.

სამხედრო ინტერვენცია თუ “მცირე შეჭრა”?

საპასუხო ზომებზე საუბრისას ჯო ბაიდენის განცხადებამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ “მცირე შეჭრა ერთია, თუმცა თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება”. ეს განცხადება უკრაინაში ინტერვენციისთვის “მწვანე შუქის ანთებად” აღიქვეს. 

უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, “შოკირებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი განასხვავებს მცირე შეჭრასა და შეჭრას. ეს მწვანე შუქს უნთებს პუტინს, სიამოვნებით შეიჭრას უკრაინაში”.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა პრეზიდენტის განცხადება განმარტა.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს, რომ თუ რომელიმე რუსული სამხედრო ძალა გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება განახლებული შეჭრა და მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მხრიდან. პრეზიდენტმა ბაიდენმა მრავალწლიანი გამოცდილებიდან იცის, რომ რუსებს აქვთ აგრესიის უზარმაზარი არსენალი სამხედრო მოქმედებების მიღმა. დღეს მან დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს მიეცემა გადამწყვეტი, ორმხრივი და ერთიანი პასუხი”,- განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ემილი ჰორნმა Twitter-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტი “გულისხმობს განსხვავებას რუსების სამხედრო და არასამხედრო/გასამხედროებულ/კიბერ ოპერაციებს შორის. ასეთ ქმედებებს მოჰყვება ორმხრივი პასუხი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით”.

ახლო მომავალში უკრაინის ნატოში მიღების ალბათობა მცირეა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში უკრაინის ნატოში გაწევრიანების ალბათობა მცირეა.

“ალბათობა იმისა, რომ უკრაინა ახლო მომავალში ნატოს წევრი გახდება, ძალიან მცირეა. მათ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო დემოკრატიის განვითარებისა და სხვა მიმართულებებით”,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ოფიციალური დაპირება, რომ არასოდეს დაუშვან უკრაინა დასავლურ სამხედრო ალიანსში, პუტინის მთავარი მოთხოვნაა. გაურკვეველია, საკმარისი იქნება თუ არა ბაიდენის განცხადება პუტინის დასამშვიდებლად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯენიფერ ეპშტეინი და ნიკ უადამსი