LIVE

Checkout.com-ის დამფუძნებელმა კოლეჯის მიტოვების შემდეგ $19 მილიარდი დააგროვა

23 იან 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 954
Checkout.com-ის დამფუძნებელმა კოლეჯის მიტოვების შემდეგ $19 მილიარდი დააგროვა
Bloomberg

გიომ პუაზი შვეიცარიის კოლეჯში ეკონომიკას იმ იმედით სწავლობდა, რომ საინვესტიციო ბანკირი გახდებოდა. შემდეგ, პუაზის მამას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მან 2005 წელს სწავლა ბოლო კურსზე მიატოვა და მოგვიანებით სამუშაოდ აშშ-ში წავიდა.

ნაწილობრივ ამ მოვლენების გამო, პუაზიმ ონლაინ გადახდების კომპანია Checkout.com დააფუძნა, რომელმაც გასულ კვირას $40 მილიარდიანი შეფასებით, ინვესტორებისგან $1 მილიარდი მოიზიდა.

ლონდონში დაფუძნებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ თანხები აშშ-ში გაფართოებასა და ტექნოლოგიებში ინვესტირებას მოხმარდება.

კომპანიის საბაზრო შეფასება 2021 წლიდან თითქმის სამჯერ გაიზარდა. ის ასევე უკანასკნელია ტექნოლოგიურ-საფინანსო სექტორში, რომელიც ინვესტიციების საოცარი ზრდით გამოირჩევა. ბრიტანულმა Revolut-მა მისი ღირებულება ივლისში ექვსჯერ გაზარდა, ხოლო მობილური გადახდების ფირმა Stripe-ი $95 მილიარდიანი შეფასებით მარტში იმ დროისთვის ყველაზე მსხვილი სტარტაპი გახდა აშშ-ში.

მას შემდეგ, რაც 40 წლის პუაზიმ 2012 წელს კომპანია შექმნა, Checkout-ი სწრაფად გაფართოვდა. გასული წლის განმავლობაში ფირმამ ექვსზე მეტ ქვეყანაში გახსნა ახალი ოფისები და ახლა 20-მდე ქვეყანაში ოპერირებს. მის კლიენტებს შორის არიან Yum! Brands, Pizza Hut და კრიპტო გაცვლის ბირჟა Coinbase-ი.

პუაზის მზარდმა ქონებამ მას საშუალება მისცა გასულ წელს საკუთარი საოჯახო ოფისი, Zinal Growth-ი დაეარსებინა. მას შემდეგ, CB Insights-ისა და Crunchbase-ის თანახმად, პუაზიმ ინვესტიციები ელექტრონული კომერციის სტარტაპებში Ziina-ში, Wayflyer-ში და ბლოკჩეინ ფირმა Snickerdoodle Labs-ში განახორციელა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენჯამინ სტაპლსი