LIVE

უსაფრთხოების მოლაპარაკებები ჩიხშია - რა იქნება პუტინის შემდგომი ნაბიჯი?

14 იან 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1101
უსაფრთხოების მოლაპარაკებები ჩიხშია - რა იქნება პუტინის შემდგომი ნაბიჯი?
Ozan Kose/AFP via Getty Images

მსოფლიო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ელოდება. დიპლომატიური შეხვედრების მესამე დღის შემდეგ - ამჯერად ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) - დასავლელმა და რუსმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ პოზიციები მკვეთრადაა გაყოფილი უსაფრთხოების ინტერესების გამო. მხარეები სამხედრო კონფლიქტის საფრთხეზე ღიად საუბრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ნატოს მოკავშირეები მოითხოვდნენ შემდგომი შეხვედრების გამართვას, რუსმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს ვალდებულებაზე. შესაბამისად, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ შემდგომი დისკუსიები რაიმე გარღვევას მოიტანს. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი, მიიღებს პუტინი, რომელიც მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებით იმუქრება. 

“ჩვენ ევროპული უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვდგავართ. ომის საყვირი ხმამაღლა ჟღერს და რიტორიკა საკმაოდ მკვეთრი გახდა. უკრაინის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცია. ეს ბევრ კითხვას აჩენს მოსკოვის განზრახვებთან დაკავშირებით”,- განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კარპენტერმა მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებდა, ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთს არ სურს განიხილოს რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა. სამხედრო ძალების გაყვანის გარდა, მოთხოვნები მოიცავს მტკიცე გარანტიას, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არასოდეს გაწევრიანდებიან.

“ნათლად ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ გავლენის სფეროების გამოყენებას. არ ვაპირებთ შევზღუდოთ ერების უფლება, აირჩიონ საკუთარი ალიანსები. არ ვაპირებთ ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოების მოთხოვნების მეორეზე მაღლა დაყენებას. სინამდვილეში, ეუთოში მხოლოდ ერთი სახელმწიფოა, რომელიც შეიჭრა თავის ორი მეზობლის ტერიტორიაზე და მათი ნების საწინააღმდეგოდ განათავსა ძალები და ეს არის რუსეთი”,- განაცხადა კარპენტერმა. 

ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შტატები მზად არის, გააგრძელოს “დიპლომატიური ძალისხმევა ევროატლანტიკურ ქვეყნებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად” და დასძინა, რომ “სამხედრო ინტერვენციის საფრთხე მაღალია”.

ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გამართულ დისკუსიებს “იმედგამაცრუებელი” უწოდა.

“ჩვენ არ მიგვიღია ადეკვატური პასუხი წინადადებებზე”,- განაცხადა ლუკაშევიჩმა პრესკონფერენციაზე. ბრიფინგზე მან კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის დაჟინებული მოთხოვნა ნატოს გაფართოების შეჩერების შესახებ.

“რა თქმა უნდა, იქნება ყოვლისმომცველი ანგარიში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან და ჩვენ შევაფასებთ მზადყოფნას, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები. ძნელი სათქმელია, რა და როდის გაკეთდება”,- განაცხადა ლუკაშევიჩმა.