2021 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1 148 705 ტონა შეადგინა, რაც 42,7 ათასი ტონით ანუ 3.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. იმპორტი 52,7 ათასი ტონით ანუ 4.8%-ით გაიზარდა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებითაც.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2021 წელს ბენზინის იმპორტი წლიურად 8.7%-ით, 587 179 ტონამდე გაიზარდა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი მცირედით, 0.7%-ით შემცირდა და 561 526 ტონა შეადგინა.
გასულ წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი იმპორტიორი თურქმენეთი იყო 244 601 ტონით, რაც მთელი იმპორტის 21.3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 221 181 ტონა (მთლიანი იმპორტის 19.3%); აზერბაიჯანი - 215 872 ტონა (18.8%); რუმინეთი - 204 638 ტონა (17.8%); ბულგარეთი - 167 708 ტონა (14.6%); საბერძნეთი - 37 223 ტონა (3.2%), თურქეთი - 33 021 ტონა (2.9%), იტალია - 14 948 ტონა (1,3), ყაზახეთი - 2 824 ტონა (0,2%) და სხვ.
აღსანიშნავია, რომ საწვავის იმპორტის 36.9% (424,517 ტონა) ევროპის ქვეყნებზე (რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია) მოდის. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საწვავის იმპორტისა და მოხმარების მატებას ქვეყანაში ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავის ფასმა ზრდა დაიწო და ნოემბრის მიწურულს 1 ლიტრი ბენზინის ფასმა 3 ლარს 15-20 თეთრით გადააჭარბა, რასაც "ვისოლისა" და სხვა კომპანიების მიმართ საპროტესტო კამპანია მოჰყვა. გასული წლის დეკემბრიდან ბრენდირებულ სადგურებზე საწვავის ფასი, დაახლოებით 5 თეთრით შემცირდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ამჟამად ყველაზე მოთხოვნადი "ევრო რეგულარი" ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 3.04-3.13 ლარი ღირს.