LIVE

გაბუნია: „მწვანე პასპორტის“ კრიტერიუმები ჯერჯერობით არ იცვლება

11 იან 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1166
გაბუნია: „მწვანე პასპორტის“ კრიტერიუმები ჯერჯერობით არ იცვლება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „მწვანე პასპორტის“ კრიტერიუმები ჯერჯერობით უცვლელი რჩება. თუმცა, როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გაბუნიამ განმარტა, არაა გამორიცხული, რომ აღნიშნული კრიტერიუმები რევიზიას დაექვემდებაროს.

„ომიკრონმა“ დაგვანახა, რომ ყველა კრიტერიუმი, რომელიც იქნება „მწვანე პასპორტის“ საფუძველი, არის ცვლადი და ექვემდებარება რევიზიას. იმ პასპორტს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეფექტი პოზიტიური ექნება კარგი აღსრულების პირობებში. ჯერჯერობით, ვინარჩუნებთ იმ სტატუსს, რაც გვაქვს „მწვანე პასპორტთან" მიმართებით. თუმცა, ბევრმა ქვეყანამ "მწვანე სტატუსში" უკვე გაითვალისწინა ბუსტერ-დოზა, კოვიდის გადატანაც აღარ არის მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოში „მწვანე პასპორტი"  2021 წლის 1 დეკემბრიდან მოქმედებს და გარკვეულ ობიექტებში შესვლა მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე პირებს ( ორჯერ ვაქცინირებულებს და კოვიდ გადატანილებს) შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ კოვიდ გადატანილი ადამიანებისთვის არ მოქმედებს 6-თვიანი შეზღუდვა და პირს მწვანე სტატუსი ვირუსის გადატანის შემდეგ მუდმივად აქვს.