2020 წელს, 2016 წელთან შედარებით, მედიკამენტების თვითღირებულება ლარში 41%-ით გაიზარდა, ხოლო დოლარში 7%-ით, შესაბამისად, 34%-იანი სხვაობა პირდაპირ კავშირშია ლარის კურსის ცვლილებასთან ან/და შესასყიდი მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან უცხოურ ვალუტაში. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფინალურ ანგარიშშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 2016-2020 წლებში, იმპორტის დონეზე, კონცენტრაციის მაჩვენებელი ზომიერ ფარგლებშია (1289-1799), ხოლო იმპორტიორების რაოდენობა მერყეობს 156-დან 180 ერთეულ კომპანიამდე.
სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად იმპორტიორების და კონცენტრაციის მაჩვენებლისა, 3 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი იმპორტში სტაბილურად მაღალია (57%-დან 68%-მდე).
რეალიზებული მედიკამენტების კონკრეტული კომპანიების დონეზე ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ეს ეკონომიკური აგენტები მეტწილად (საერთო რეალიზაციის 50% და მეტი) საკუთარ ან მათივე ჰოლდინგურ ჯგუფში შემავალი კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატებს ყიდიან.
აღნიშნული გარემოება, სააგენტოს პოზიციით, შესაძლოა წარმოადგენდეს ვერტიკალური/ჰორიზონტალური ინტეგრაციის, ინტერესთა შეუთავსებლობის ან/და ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შედეგს.
კონკურენციის სააგენტო ამბობს, რომ 2016-2019 წლებში მედიკამენტების ექსპორტი მზარდი იყო, თუმცა პანდემიურ 2020 წელს მოცულობაში მნიშვნელოვნად შემცირდა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, რეგულაციების სიმცირით გამოირჩევა.
კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, გენერიკული მედიკამენტების რეალიზაცია, ბრენდირებულ მედიკამენტებთან შედარებით ხორციელდება გაცილებით მაღალი პროცენტული ფასნამატით. კერძოდ, ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე რიგ შემთხვევებში 200%-ს აღწევს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით 20-30%-ის ფარგლებშია.
ანგარიშის მიხედვით, დარგის საკანონმდებლო რეგულირება არ არის მიმართული ბაზარზე გენერიკული მედიკამენტების წილის ზრდაზე, შესაბამისად, გენერიკების ფიზიკური ხელმისაწვდომობა დაბალია. სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირებისა და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი ყოველწლიურად იდენტური სამკურნალო ეფექტის მიღების პირობებში მედიკამენტებზე გასაწევი ხარჯების 25-30%-ს დაზოგავს, რაც ბაზრის მოცულობის გათვალისწინებით შესაძლოა, 250 მლნ ლარამდე იყოს.
ანგარიშის თანახმად, ფარმაცევტული ბაზარი ქვეყანაში მაღალკონცენტრირებულია - ბაზარზე ფიქსირდება როგორც დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტები, ასევე სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობა.
კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, სარეცეპტო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტულ გარემოს და არ შეესაბამება პაციენტის საუკეთესო ინტერესებს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალსა და ფარმაცევტულ კომპანიებს/დაწესებულებებს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტი საჭიროებს შესაბამის რეგულირებას.