LIVE

საფრანგეთში ახალ, ორენოვან პირადობის მოწმობებს აპროტესტებენ

08 იან 202215:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 2477
საფრანგეთში ახალ, ორენოვან პირადობის მოწმობებს აპროტესტებენ
FRANCOIS LO PRESTI / AFP

ფრანგული ენის დაცვის აკადემია მთავრობას სასამართლოში ჩივილით ემუქრება ახალ პირადობის მოწმობაში ინგლისური ენის გამოყენების გამო. ID ბარათების უახლესი ვერსია, რომელიც შარშან დაინერგა, მოიცავს სხვადასხვა მონაცემთა ველების ინგლისურ თარგმანს.

საფრანგეთის თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ეროვნული პირადობის მოწმობა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს მთავარ სამგზავრო დოკუმენტად ევროკავშირის სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას. შესაბამისად, ინგლისური თარგმანების დამატება საფრანგეთის მოქალაქეებისთვის საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის გამარტივებას ემსახურება.

მიუხედავად ამისა, ფრანგული აკადემია, რომელიც 1635 წელს მეფე ლუი XIII-ის დროს ფრანგული ენის დასაცავად დაარსდა, შეურაცხყოფილია და საკონსტიტუციო სარჩელის აღძვრით იმუქრება.

“ვინ გადაწყვიტა ამ დოკუმენტში ფრანგულისა და ინგლისურის გათანაბრება? ძირითადი პრინციპი საფრთხეშია“, - განუცხადა აკადემიის მდივანმა ჰელენ კარერ დ'ანკოსმა გაზეთ Le Figaro-ს და დასძინა, რომ საფრანგეთის ამჟამინდელი კონსტიტუციის მე-2 მუხლი ადგენს, რომ “რესპუბლიკის ენა უნდა იყოს ფრანგული”.

Le Figaro-ს ცნობით, ორგანიზაციამ დაიქირავა იურისტები, რათა მიეწერათ პრემიერ მინისტრ ჟან კასტესთვის, “გაეუქმებინა ახალი ეროვნული პირადობის მოწმობის შექმნის დებულება”. თუ პრემიერი წერილს არ უპასუხებს, ადვოკატები ემზადებიან საქმის  Conseil d'Etat-ის, საფრანგეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოსთვის გადასაცემად.

არსებობს ევროპული რეგულაცია, რომელიც მოითხოვს სიტყვების “პირადობის მოწმობის” თარგმნას ევროკავშირის სულ მცირე ერთ სხვა ენაზე, მაგრამ ბრიუსელი დანარჩენი დოკუმენტის თარგმნას წევრი ქვეყნების უფლებამოსილებაში ტოვებს.

გერმანიის ეროვნული პირადობის მოწმობები მოიცავს ინგლისურ და ფრანგულ თარგმანებს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს პასპორტებშიც კი, რომელმაც ევროკავშირი 2020 წელს დატოვა, ფრანგული თარგმანებია.