
უკვე მეორე ახალი წელია Covid-19 მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ღონისძიებების გაუქმების მიზეზი ხდება.
ახალი შტამის გავრცელების ფონზე, ზოგიერთ ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდი ფიქსირდება. მათ შორის არის არგენტინა, ავსტრალია, ბოლივია, შეერთებული შტატები, საფრანგეთი და იტალია.
წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ არსებულ ვარიანტებთან შედარებით, ომიკრონი ნაკლებად იწვევს გარდაცვალებას, თუმცა ბევრ მთავრობას არ სურს გარისკოს და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ და დღესასწაულების ნაკლებ სტუმართან აღნიშვნისკენ მოუწოდებს.
ევროპაში, სადაც ბოლო 12 თვის განმავლობაში კორონავირუსით თითქმის ერთი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, ტრადიციული მასშტაბური კონცერტები და ფეიერვერკი, რომლებიც ჩვეულებრივ ათასობით ადამიანს იზიდავს, გაუქმდა. ეს შეეხება ევროპის დიდ ქალაქებს, მათ შორის ლონდონს, პარიზს, ციურიხს, ბრიუსელს, ვარშავას და რომს.
ინდოეთის ხელისუფლებამ მასობრივი შეკრებების პრევენციისთვის დააწესა ღამის კომენდანტის საათი ყველა დიდ ქალაქში, ხოლო რესტორნებს მომხმარებლების შეზღუდვა დაევალა.
ნიუ-იორკის მთავრობამ განაცხადა, რომ Times Square-ზე ცნობილ საახალწლო წვეულებას გამართავს, თუმცა შემცირებული მასშტაბებით, სადაც გაცილებით ნაკლებ ადამიანს ექნება საშუალება უყუროს გიგანტური ბურთის დაშვებას.
აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ დასაშვებია ოჯახური შეკრებები, სადაც ყველა ვაქცინირებული იქნება, თუმცა ის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ფართომასშტაბიანი წვეულებები ჯერ კიდევ ძალიან საშიშია.
ომიკრონის შტამის გლობალური გავრცელების გამო, "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" ხალხს საშობაოდ დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმებისკენ კვირის დასაწყისში მოუწოდა.
"გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე",- თქვა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.