LIVE

WHO საზოგადოებას საშობაო ღონისძიებების გაუქმებისკენ მოუწოდებს

21 დეკ 202115:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 689
WHO საზოგადოებას საშობაო ღონისძიებების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ომიკრონის შტამის გლობალური გავრცელების გამო, "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" მოუწოდებს ხალხს, გააუქმონ საშობაოდ დაგეგმილი ღონისძიებები.

"გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე",- თქვა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა და აღნიშნა, რომ "რთული გადაწყვეტილებები" უნდა იქნას მიღებული.

WHO-ს ხელმძღვანელის თქმით, ახლა უკვე არსებობს მტკიცებულება, რომ ვარიანტი "საგრძნობლად უფრო სწრაფად ვრცელდებოდა", ვიდრე წინა დომინანტური ვერსია, დელტა ვარიანტი. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ არაგონივრული იქნება, თუ ადრეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით დავასკვნით, რომ ომიკრონი უფრო მსუბუქი ვარიანტია.

მან ასევე განაცხადა, რომ პანდემია შეიძლება დასრულდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წლის შუა რიცხვებამდე მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსახლეობის 70% აცრილი იქნება. 

ომიკრონის გავრცელების შესაჩერებლად, არაერთმა ქვეყანამ მიიღო სხვადასხვა სახის ზომები, მათ შორის, ნაწილმა დააწესა შეზღუდვები ფრენებზე.

აშშ-ში ინფიცირების 73% ახალ შტამზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ შტამი ქვეყანაში დომინანტური გახდა. შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი მიიჩნევს, რომ საშობაოდ მოგზაურობის გახშირება შტამის გავრცელებას ხელს შეუწყობს, თუმცა, სავარაუდოდ, თეთრი სახლი მოგზაურობაზე ახალი შეზღუდვების შემოღებას არ გეგმავს. 

უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთი და გერმანია არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებენ, ხოლო ნიდერლანდებმა საშობაო პერიოდში მკაცრი "ლოკდაუნი" გამოაცხადა.

ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ზეიმი "საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე" გაუქმდა.

დღეს ახალმა ზელანდიამ საერთაშორისო მოგზაურობის ეტაპობრივი გახსნა, სულ მცირე, თებერვლის ბოლომდე გადადო.

გუშინ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ომიკრონის შტამის გავრცელების გამო, უკვე მეორედ გადადო მომავალ თვეს დავოსში დაგეგმილი ყოველწლიური შეხვედრა.