
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თეირანმა კოსმოსში გაუშვა სატელიტური რაკეტა, რომელზეც სამი კვლევითი მოწყობილობა იყო მოთავსებული.
ირანული მედია არაფერს წერს იმის შესახებ თუ როდის გაუშვეს, ან რა ტიპის მოწყობილობები განათავსეს რაკეტაზე. თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, აჰმად ჰოსეინის განცხადებით, რაკეტა Simorg-ი ან Phoenix-ია. მისივე თქმით, სამი მოწყობილობა 470 კილომეტრზე გაიგზავნა, თუმცა მიაღწიეს თუ არა მათ დედამიწის ორბიტას უცნობია.
"ამ გაშვების მიზნები მიღწეულია. ეს იყო წინასწარი გაშვების მსგავსი... ღმერთმა ქნას, მალე ოპერატიული გაშვება გვქონდეს",- თქვა ჰოსეინმა სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ირანს, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი სარაკეტო პროგრამა აქვს, გასულ წლებში ტექნიკური პრობლემების გამო, თანამგზავრის გაშვებისას პრობლემა რამდენჯერმე შეექმნა.
ირანმა პირველი თანამგზავრი Omid (იმედი) 2009 წელს გაუშვა. მას მოჰყვა თანამგზავრი Rasad (დაკვირვება) 2011 წელს, ხოლო 2012 წელს მესამე, ადგილობრივი წარმოების თანამგზავრის გაგზავნის შესახებ განაცხადა.
2020 წლის აპრილში ირანმა თქვა, რომ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ორბიტაზე წარმატებით გაუშვა ქვეყნის პირველი სამხედრო თანამგზავრი.
ქვეყნის მიერ რაკეტის წინა გაშვებას აშშ-ს საყვედური მოჰყვა. სახელმწიფო დეპარტამენტის კოსმოსური ძალების განყოფილებას და პენტაგონს დღევანდელ ფრენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რაკეტის გაშვება ემთხვევა ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების შესახებ თეირანისა და ვაშინგტონის ირიბ მოლაპარაკებებს, რომლებიც ვენაში იმართება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია