LIVE

დღესასწაულებზე კალორიების თვლა დანაზოგის გაკეთებაში გვეხმარება

31 დეკ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 887
დღესასწაულებზე კალორიების თვლა დანაზოგის გაკეთებაში გვეხმარება

ვიდრე საახალწლო სადილზე ნამცხვრის მეორე ნაჭერს გადმოვიღებთ, აი, რა უნდა გვახსოვდეს: მომავალ წელს დიაბეტის მქონე 55 წლის ქალი საშუალოდ სამედიცინო ხარჯებში 3,470$-ს დახარჯავს, ხოლო მთლიანად მისი ხარჯები დაახლოებით 160,000$-მდე აღწევს.

დღესასწაულზე ერთჯერადი გამონაკლისის დაშვება დიაბეტს არ გამოიწვევს, თუმცა, შეგვახსენებს, რომ საკვების სწორად არჩევამ შეიძლება გავლენა იქონიოს დანაზოგზე, როგორც საბაზრო და საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. ასაკთან დაკავშირებული ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საპენსიო დანაზოგის მაქსიმუმამდე აწევა. 

მეორე ტიპის დიაბეტი მაგალითია იმისა, რომ მისი პრევენცია დიდწილად შესაძლებელია სწორი კვებითა და აქტივობით. დიაბეტის მქონე ხალხს ფინანსური ზარალი ადგება, რადგანაც ეს დაავადება ცხოვრების ხანგრძლივობას არ ამცირებს, თუმცა, მათ მეტი ხარჯის გაღება უწევთ. ამ ხარჯებს ზოგჯერ არც სახელმწიფო აფინანსებს და არც სადაზღვევო კომპანიები. 

"მედიქეას" მომხმარებლების კვლევამ აჩვენა, რომ დამატებითი ხარჯების თვალსაზრისით გამოწერილი წამალი ყველაზე დიდი გამოწვევაა გულის დაავადებების, დიაბეტისა და არტერიული წნევის პრობლემების შემთხვევაში. დიაბეტიან ადამიანებს უფრო ხშირად სჭირდებათ ძვირადღირებული ორგანოების გადანერგვა ან გრძელვადიანი მკურნალობა. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მარტივი გზა ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებისა წამლის დროული მიღებაა. ქრონიკული დაავადებების მქონე აშშ-ის ზრდასრულ ადამიანთა მხოლოდ 50% იღებს წამლებს ექიმის დანიშნულებისამებრ. ამავე დროს, ზოგმა შეიძლება არ მიიღოს წამალი იმის გამო, რომ ის მეტისმეტად ძვირია, მასზე უარის თქმა კი ხშირად სასწრაფო დახმარების კაბინეტში ვიზიტით სრულდება. 

სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, ვინც პენსიაზე გასვლის რჩევას იძლევიან, ჩვეულებრივ, არ კონცენტრირდებიან კვებისა და ცხოვრების სტილის ცვლილებაზე და იმაზე, თუ როგორ უწყობს ხელს ეს ცვლილებები ქრონიკული დაავადებების განვითარებას, რომელიც დიდ ხარჯებს უკავშირდება. გარდა ამისა, მედიკოსები საკმარისად არ საუბრობენ ფინანსურ საკითხებზე. ნეირომეცნიერმა და ექსპერტმა, დანიელ ლევიტინმა გასულ წელს დაწერა ბესტსელერი წიგნი, რომელსაც ეწოდება "ასაკში წარმატებით შესვლა". თუმცა იგი ფულზე ნაკლებად საუბრობს ამ წიგნში, ხოლო წიგნები, რომლებიც ფულზე იწერება, იშვიათად ეხება ჯანმრთელობას. ორივე მიდგომა არასწორია. 

ასე რომ, როდესაც მაღაზიაში ტკბილეულს ვარჩევთ, უნდა გვახსოვდეს, ჩვენ არა მხოლოდ ამ პროდუქტის ფასს ვიხდით, არამედ მოგვიანებით მის გამო გაუარესებული ჯანმრთელობის სამკურნალო ხარჯებს ვზრდით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტერეზა გილარდუჩი