ნატურალური წვენების მწარმოებელი ქართული კომპანია „ხილარი“ ისრაელის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის დირექტორმა თამაზ კაკუშაძემ განუცხადა, მომავალი წლიდან „ხილარი“ ისრაელის ბაზარზე ვაშლის ნატურალური წვენით იქნება წარმოდგენილი.
„პროდუქციის 70% ექსპორტზე გაგვაქვს და ამ მაჩვენებლის გაზრდას კიდევ ვგეგმავთ. წელს უკვე შევედით კანადის ბაზარზე, ათვისებული გვაქვს აშშ-სა და ყატარის ბაზრებიც. ბაზარს 8 სახეობის პროდუქტს ვაწვდით. განსაკუთრებული პოპულარობით ალუბლის, კომშისა და ვაშლის წვენები სარგებლობს“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი.
მისი თქმით, „ხილარი“ აწარმოება მხოლოდ მინის ბოთლში და არის მაღალი ხარისხის, პრემიუმ კლასის პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს, შაქარს და სხვა დანამატებს.
2021 წლის იანვარ-ნოემბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 11%-ით, 8 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $8.4 მილიონიდან $9.7 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც.