LIVE

ბრიტანეთში ინფლაცია ათწლეულის მაქსიმუმამდე დაჩქარდა

15 დეკ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 518
ბრიტანეთში ინფლაცია ათწლეულის მაქსიმუმამდე დაჩქარდა
Chris Ratcliffe/Bloomberg

ნოემბერში დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, ტანსაცმლის, საწვავისა და მეორადი მანქანების ფასების ზრდამ სამომხმარებლო ფასების 5.1%-ით მატება განაპირობა. 

4%-მდე გაიზარდა საბაზო ინფლაცია, რაც 1992 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

რომ არა ომიკრონის შტამის გავრცელებით გამოწვეული საფრთხე, სხვადასხვა მაჩვენებელი, ისევე, როგორც შრომის ბაზრის მონაცემები შესაძლოა, საკმარისი ყოფილიყო ხვალ ინგლისის ცენტრალური ბანკისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთები გაეზარდა.

მაგრამ ახლა იმ ფონზე, როცა მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები გაურკვევლობას ქმნის, ინვესტორები და ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ამ გადაწყვეტილების მიღებას თებერვლამდე გადადებს. ტრეიდერები კი ხვალინდელ შეხვედრაზე განაკვეთის 8 საბაზისო პუნქტით აწევაზე დებენ ფსონს.

ფასების ზრდა შესაძლოა აისახოს ხელფასებზე, რაც გაართულებს ინფლაციის 2%-იან მიზნობრივ ნიშნულზე დაბრუნებას. გუშინდელმა მონაცემებმა აჩვენა, რომ წლიური ანაზღაურება (პრემიის გამოკლებით) ოქტომბრამდე სამ თვეში 4.3%-ით გაიზარდა.

„შემაშფოთებელია, რომ ინფლაცია აჭარბებს ხელფასების ზრდას და თუ ეს სხვაობა გაგრძელდება ისე, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, ოჯახების რეალური შემოსავალი კიდევ უფრო შემცირდება, რაც შეამცირებს სამომხმარებლო ხარჯებს და შეასუსტებს მთლიან ეკონომიკურ აქტივობას“,- თქვა ბრიტანეთის სავაჭრო პალატის ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, სურენ ტირუმ.

აღსანიშნავია, რომ ინფლაცია რეკორდულად მაღალია ევრო ზონაში და ნოემბრის მონაცემებით წლიური ინფლაცია 4.9%-მდე დაჩქარდა.

ცნობისთვის, საქართველოში წლიური ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დევიდ გუდმენი და ლიზი ბარდენი