LIVE

ევროპა გაზის შესყიდვის გრძელვადიანი კონტრაქტების შეწყვეტას გეგმავს

15 დეკ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1195
ევროპა გაზის შესყიდვის გრძელვადიანი კონტრაქტების შეწყვეტას გეგმავს
Sergei Bobylev / TASS

ევროკავშირი ბუნებრივი აირის იმპორტის გრძელვადიანი კონტრაქტების გაუქმებისთვის კონკრეტული ვადის დაწესებას გეგმავს, რაც რუსეთისთვის წამგებიან მოცემულობას ქმნის.

Bloomberg News-ის ინფორმაციით, ბლოკის აღმასრულებელ შტოს სურს, აღარ გააგრძელოს მსგავსი კონტრაქტები 2049 წლის შემდეგ, რაც ენერგეტიკული ბაზრების რადიკალური რეფორმის ნაწილია. ევროკომისია ასევე იმუშავებს მიწოდების უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

16 დეკემბერს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის მთავრობის მეთაურები დაგეგმილ ზომებს განიხილავენ. გეგმა უპირისპირდება რუსეთს, რომელიც ევროპის გაზის მოთხოვნის დაახლოებით მესამედს უზრუნველყოფს. კრემლი დიდი ხანია მხარს უჭერს გრძელვადიან კონტრაქტებს და არაერთხელ სთხოვა ევროკავშირს, ხელი მოეწერა მეტი ასეთი გარიგებისთვის.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილის შეშფოთებას იწვევს ფაქტი, რომ კრემლი გაზს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. საპასუხოდ, ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს წინადადება ასევე საშუალებას მისცემს ქვეყნებს, უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინონ კრიზისებზე.

მიმდინარე ზამთარში ევროპისთვის რისკები იზრდება: გაზის მარაგი რეკორდულად დაეცა და კრიზისის დასასრული ჯერ არ ჩანს. რუსეთსა და უკრაინას შორის გაზრდილი დაძაბულობა მიწოდების შემდგომი შემცირების საფრთხეს ქმნის, რაც ენერგეტიკული კრიზისის გაგრძელების რისკს მომდევნო ზამთრის განმავლობაშიც ზრდის. პოლონეთს ბუნებრივი აირის ბაზარზე არასტაბილურობის შენარჩუნების მოლოდინი აქვს.

გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის Nord Stream 2-ის გაზსადენის გარშემო მიმდინარე პროცესები. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ “ყველაფერს გააკეთებს”, რათა მოსკოვმა არ გამოიყენოს მილსადენი უკრაინაში სატრანზიტო ნაკადების შეზღუდვისთვის, ხოლო ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმეორა მუქარა, რომ შეწყვეტს მიწოდებას, თუ დასავლეთი დაჟინებით მოითხოვს სანქციებს მიგრანტებთან დაკავშირებულ დავაში.

მდგრადობის გასაზრდელად, ევროკომისიას სურს, ქვეყნებს გაზის მარაგებთან დაკავშირებით უფრო სტრატეგიული მიდგომა შესთავაზოს, მათ შორის ზომები გათბობის სეზონის დაწყებისას შევსების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად.

რეგიონულ დონეზე რისკების შეფასებისას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ჩაატარონ გაზის მარაგისა და მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების ანალიზი, მათ შორის, როდესაც საცავი უცხოური კომპანიების საკუთრებაშია. რისკების გამოვლენის შემთხვევაში, მათ მოუწევთ მიიღონ საპასუხო ზომები, როგორიცაა მინიმალური შენახვის ვალდებულებების დაწესება, ტენდერი ან აუქციონი.

წინადადება ასევე ითვალისწინებს სატრანსპორტო სისტემის ოპერატორების მიერ გაზის სტრატეგიული მარაგების ნებაყოფლობით ერთობლივ შესყიდვას. ასეთი რეზერვები შეიძლება გამოიყენონ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.

ევროკომისიის წინადადებების თანახმად, ევროკავშირის მიწოდების უსაფრთხოების პრობლემების საბოლოო გადაწყვეტა წიაღისეული საწვავისგან თავის დაღწევაა. ადგილობრივად, განახლებადი წყაროებიდან წარმოებული გაზის მზარდმა წილმა უნდა შეამციროს რეგიონის დამოკიდებულება წიაღისეული საწვავის იმპორტზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ევა კრუკოვსკა და ალბერტო ნარდელი