
ჩურჩხელისა და გოზინაყის მწარმოებელი კომპანია „ნუგბარი“ ინდოეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა განუცხადა, სავარაუდოდ მომავალი წლიდან „ნუგბარი“ ინდოეთის ბაზარზე გოზინაყის ორი და ჩურჩხელის რამოდენიმე სახეობით იქნება წარმოდგენილი.
„პანდემიის მიუხედავად ექსპორტი, თითქმის ყოველწელს გვიორმაგდება. გაყიდვების 50% სწორედ ექსპორტზე მოდის. წელს უკვე შევედით ყატარის ბაზარზე. აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ინდოეთთან. პროდუქციას, ძირითადად ევროკავშირში, აშშ-ში, კანადაში, ყაზახეთში, ისრაელში, უკრაინაში, აზერბაიჯანში და მცირე რაოდენობით რუსეთშიც ვყიდით“,- აცხადებს მაჭავარიანი.
მაჭავარიანის თქმით, „ნუგბარი“ თვის განმავლობაში, დაახლოებით 100-150 ათას ჩურჩხელას ყიდის და საექსპოტო ბაზარზე ძირითადად, პრემიუმ კლასის საფასო სეგმენტშია წარმოდგენილი. „ნუგბარი“ ბაზარზე 2015 წლიდანაა და მომხმარებელს გოზინაყის 2 და ჩურჩხელის 20 სახეობას ( შიგთავსი, შფუთვა, ზომა) სთავაზობს.