LIVE

წელს საქართველომ ღვინის ექსპორტიდან $222 მილიონის შემოსავალი მიიღო

08 დეკ 202111:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 896
წელს საქართველომ ღვინის ექსპორტიდან $222 მილიონის შემოსავალი მიიღო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96,150,065 ბოთლი ღვინო, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება.

რაც შეეხება შემოსავალს, ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 4%-ით მეტია.

სააგენტოს ინფორმაციით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი ზრდა 29%, ჩინეთი - 26%, აშშ - 12%, გერმანია - 13%, ლატვია - 10%, ლიეტუვა - 44%, იაპონია - 12% და დიდი ბრიტანეთი - 76%.

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ  ქვეყნებში: კანადა - 91%, შვედეთი - 97%, ჩეხეთი - 259%, საფრანგეთი - 6%, ისრაელი - 62%, ყაზახეთი - 38%, აზერბაიჯანი - 21%, თურქეთი - 209%, უკრაინა - 11%, რუსეთი - 6%, მონღოლეთი - 174%, ბელარუსი - 26% და ა.შ.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 70,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდა 17%-ია.

11 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 760,3 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ კი, 42% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,9 მლნ აშშ დოლარს აღწევს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 42%-ია.  

საანგარიშო პერიოდში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად საქართველომ 356,3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება.