LIVE

OPEC-ი იანვარში ნავთობის წარმოებას გაზრდის

03 დეკ 202121:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 793
OPEC-ი იანვარში ნავთობის წარმოებას გაზრდის

OPEC-ი და მისი მოკავშირეები მომხმარებელთა ზეწოლას ემორჩილებიან და ნავთობის წარმოების დაგეგმილ ზრდას აგრძელებენ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბაზარზე უზარმაზარი გაურკვევლობის გამო, გადაწყვეტილების გადახედვა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია.

ჯგუფი გლობალურ ბაზრებზე იანვარში დღეში 400 000 ბარელი ნედლი ნავთობის დამატებაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილება განსაკუთრებით აწყობთ ნავთობის მაღალი ფასებით შეშფოთებულ ქვეყნებს. თუმცა, კარტელი გეგმის მოკლე დროში შეცვლის შესაძლებლობასაც იტოვებს. 

ანალიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია და მისი მოკავშირეები მიწოდების ზრდას გადადებდნენ. ნავთობის ფასის ბოლოდროინდელი კლება და ამასთან კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება ნავთობზე მოთხოვნის პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის.

განცხადებაში OPEC+-მა აღნიშნა, რომ გააგრძელებს პანდემიის შეფასებას და ნავთობის ბაზრის მჭიდრო მონიტორინგს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მზადაა საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ კორექტივების განსახორციელებლად. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების შემდეგი შეხვედრა 4 იანვარს არის დაგეგმილი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰავიერ ბლასი