LIVE

რა სიმპტომები აქვს ახალ შტამს - ექიმის განმარტება

29 ნოე 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 52814
რა სიმპტომები აქვს ახალ შტამს - ექიმის განმარტება

ომიკრონის სიმპტომები დელტასგან ძალიან განსხვავდება, - ამის შესახებ განაცხადა აფრიკელმა ექიმმა, რომელმაც მთავრობის მეცნიერები ახალი ვარიანტის შესაძლო არსებობის შესახებ პირველმა გააფრთხილა.  

პაციენტები, რომლებიც ახალი შტამით დაინფიცირდნენ, უჩივიან დაღლილობას, თავისა და სხეულის ტკივილს, ზოგჯერ ყელის ტკივილს და ხველას, თქვა სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარემ, ანჟელიკ კოეტზემ.

შედარებისთვის, დელტასთვის დამახასიათებელია პულსის მომატება, ჟანგბადის დაბალი დონე და ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. 

ექიმის თქმით, ახალი შტამის არსებობის შესახებ სწორედ განსხვავებული სიმპტომების გამო დაეჭვდა. 

სამხრეთ აფრიკამ ახალი შტამის დადასტურების შესახებ 25 ნოემბერს განაცხადა. ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობა იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც ვაქცინირებული არ არიან. 

სამხრეთ აფრიკის მთავრობის მრჩევლების განცხადებით, Covid-19-ის ახალი ვარიანტი, როგორც ჩანს, უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედები, თუმცა შტამით ინფიცირებულთა მდგომარეობა მსუბუქია.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” (WHO) მოუწოდებს ქვეყნებს, დაიწყონ ფართო ტესტირება ახალი ომიკრონის ვარიანტის დასადგენად. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ახალი შტამის განსხვავებულმა სტრუქტურამ შესაძლოა, Covid-19-ის შემთხვევების მატება და მძიმე შედეგი გამოიწვიოს.

ომიკრონს ამ დრომდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე მეტი მუტაცია აქვს, რამაც შესაძლოა, მას საშუალება მისცეს თავი დააღწიოს ვაქცინაციის ან ინფექციის გადატანის შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტს და მისცეს საშუალება უფრო ადვილად გავრცელდეს.  

„პოტენციურად ომიკრონის გლობალურ დონეზე შემდგომი გავრცელების ალბათობა მაღალია. ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეიძლება დაფიქსირდეს Covid-19-ის შემთხვევების მატება, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მძიმე შედეგები",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ორგანიზაციის შეფასებით, ზიანის ხარისხი დამოკიდებული იქნება უამრავ ფაქტორზე, მათ შორის, იმაზე თუ სად შეინიშნება ტალღები.

ვარიანტთან დაკავშირებული გლობალური რისკი "შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი". "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" თანახმად, დღევანდლამდე ომიკრონთან დაკავშირებული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

WHO-მ წევრ ქვეყნებს მოუწოდა დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, მათ შორის: 

- მონიტორინგი და შტამის აღმოჩენის მიზნით კვლევების გაძლიერება, PCR ტესტების ფართო გამოყენება;

- ვაქცინაციის დაჩქარება, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში;

- საერთაშორისო მოგზაურობის წესების „დროული“ კორექტირება;

- პირბადეების გამოყენება, ფიზიკური დისტანციის დაცვა და ხალხმრავლობის არიდება;

- ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვა;

-  ჯანდაცვის სერვისების მომზადება პოტენციური მატების საპასუხოდ; 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანტონი სგუაცინი