LIVE

ომიკრონის გავრცელების გამო, WHO ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

29 ნოე 202112:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 928
ომიკრონის გავრცელების გამო, WHO ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
Bloomberg

სამხრეთ აფრიკელი ექსპერტების განცხადებების შემდეგ, "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის ორმა ექსპერტმა, მათ შორის ექიმმა, რომელმაც პირველმა მიუთითა ომიკრონის ვარიანტის შესახებ, Covid-19-ის ახალი შტამით ინფიცირებულ პირებზე დაკვირვების შემდეგ აღნიშნა, რომ შტამს მსუბუქი სიმპტომები ახასიათებს.  

WHO-ს განცხადებით, ინფექციის პირველი შემთხვევები უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის დაფიქსირდა. ახალგაზრდა პაციენტებს, როგორც წესი, ინფექცია უფრო მსუბუქი სიმპტომებით გადააქვთ.

"ომიკრონის ვარიანტის სიმძიმის დონის გაგებას რამდენიმე კვირამდე დასჭირდება. ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ომიკრონთან დაკავშირებული სიმპტომები განსხვავდება სხვა ვარიანტებისგან",- ნათქვამია "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარემ, ანჟელიკ კოტზეიმ ვარიანტთან დაკავშირებულ დღეისთვის ცნობილ სიმპტომებს "განსხვავებული და მსუბუქი" უწოდა. 

კოტზეიმ, რომელმაც ახალი ვარიანტის არსებობა პირველმა შეამჩნია, ბრიტანულ Telegraph-ს განუცხადა, რომ მის კლინიკაში რამდენიმე ჯანმრთელი ახალგაზრდა, რომელსაც ახალი შტამი აღმოაჩნდა, დაღლილობის შეგრძნებას უჩივიან. მათგან დაახლოებით ნახევარი იყო არავაქცინირებულია.

სამხრეთ აფრიკაში, სადაც შტამი ომიკრონი პირველად დაფიქსირდა, ინფექციით ჰოსპიტალიზაციაში რეალური ზრდა არ არ შეინიშნება. ამის შესახებ გუშინ ვაქცინაციის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბარი შუბმა განაცხადა. 

"აქამდე აღრიცხული შემთხვევები იყო მსუბუქი და მსუბუქიდან საშუალო დონის სიმძიმის შემთხვევები და ეს კარგი ნიშანია",- თქვა ექსპერტმა და დასძინა, რომ დასკვნების გამოტანა ჯერ კიდევ ადრეა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" თქმით, წინასწარი მონაცემები ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდას აჩვენებს, თუმცა ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა ზოგადი  რაოდენობის გაზრდით და არა კონკრეტულად შტამ ომიკრონის გავრცელებით. 

სამხრეთ აფრიკაში ზრდასრულთა მხოლოდ მესამედია ვაქცინირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ახალი შტამის გავრცელება დაკავშირებულია მსოფლიოში ვაქცინების არათანაბარ ხელმისაწვდომობასთან. 

"რაც უფრო მეტი დრო დაგვჭირდება ვაქცინების თანასწორობის მისაღწევად, მით უფრო მეტად მივცემთ ვირუსს ცირკულირების, მუტაციის და პოტენციურად უფრო საშიშად ქცევის საშუალებას",- წერს გებრეიესუსი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლონი პრინსლოო