LIVE

ლირას გაუფასურებას თურქეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა

25 ნოე 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 879
ლირას გაუფასურებას თურქეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა

ოთხშაბათს თურქული ლირას რეკორდულ გაუფასურებას სტამბოლის ქუჩებში პროტესტი მოჰყვა. პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების შემდეგ, რომ რეფინანსირების განაკვეთი არ გაიზრდებოდა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად დემონსტრანტები სტამბოლში, ანკარასა და თურქეთის სხვა ქალაქებში შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს ერდოღანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქცია სტამბოლში სპეცრაზმმა დაშალა. დააკავეს აქციის ათობით მონაწილე. 

წლის დასაწყისიდან ლირა დაახლოებით 40%-ით გაუფასურდა. რეკორდული გაუფასურების შემდეგ, სანამ თურქულმა ვალუტამ ოდნავ მოძლიერება მოახერხა, 1 დოლარი 13 ლირად ივაჭრებოდა.

პარალელურად, ერდოღანი აცხადებს, რომ მისი მთავრობა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.

ტრადიციული ეკონომიკური თეორიისგან განსხვავებით, ერდოღანი ამტკიცებს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები ინფლაციას იწვევს. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთს სამომხმარებლო ფასების შესამცირებლად ზრდიან.

თურქეთის წლიური ინფლაცია უკვე 20%-მდე დაჩქარდა. ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური პირობები აძვირებს ცხოვრების ღირებულებას, ამცირებს ფულის მსყიდველუნარიანობას და იწვევს უმუშევრობას.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა ორ წელზე ნაკლებ დროში ეროვნული ბანკის 3 პრეზიდენტი გაათავისუფლა. ცენტრალური ბანკის წინა მმართველი, ნაჯი აგბალი, რომელმაც ინფლაციის პრობლემის გადასაჭრელად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, წინააღმდეგობაში მოდიოდა ერდოღანის შეხედულებასთან, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთი იწვევს ინფლაციას. ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი, საჰაფ კავჯიოღლუ განაკვეთებთან დაკავშირებით ერდოღანის პოზიციას იზიარებს.