LIVE

აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას განიხილავს

23 ნოე 202113:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1539
აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას განიხილავს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს სამხედრო მრჩევლებისა და ახალი აღჭურვილობის, მათ შორის იარაღის გაგზავნას უკრაინაში. ეს არის პასუხი რუსეთის ნაბიჯზე - კრემლი აგზავნის სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვართან და აშშ-ის ოფიციალური პირები მოკავშირეებს რუსეთის მორიგი ინტერვენციის შესახებ აფრთხილებენ. ინფორმაციას CNN-ს რამდენიმე წყარო უდასტურებს. 

დისკუსიები დახმარების პაკეტზე მიმდინარეობს, რადგან უკრაინამ საჯაროდ დაიწყო გაფრთხილება, რომ სამხედრო ინტერვენცია შეიძლება იანვარში განხორციელდეს.

პაკეტი შეიძლება შეიცავდეს ახალ Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობასა და რაკეტებს, ასევე ნაღმტყორცნებს. განიხილება საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა სტინგერის რაკეტებისა და Mi-17 ვერტმფრენების გადაცემა. Mi-17 რუსული შვეულმფრენია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ავღანელებისთვის გადასაცემად შეიძინა, თუმცა მისი ბედი ავღანეთის დატოვების შემდეგ გაურკვეველია.

ამასთან, არსებობს შიში, რომ სტინგერებისა და ვერტმფრენების გაგზავნა რუსეთმა შესაძლოა კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციად განიხილოს. 

ყოფილმა ვიცე-პოლკოვნიკმა, სედრიკ ლეიტონმა განუცხადა CNN-ს, რომ Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები “საკმაოდ ეფექტურია T-80 ტანკების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსები უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ”, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინის ნებისმიერი დამატებითი დახმარება მოსკოვთან “დაძაბულობის შემდგომი გაძლიერების” რისკია.

მოსალოდნელი სანქციები

CNN-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აწარმოებენ დისკუსიებს ევროპელ მოკავშირეებთან სანქციების ახალი პაკეტის შედგენის შესახებ, რომელიც ძალაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში შევა.

რუსეთის სამხედრო აქტივობის შესახებ კითხვაზე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადმინისტრაცია შეშფოთებულია და “გასული კვირების განმავლობაში ჰქონდა დისკუსიები ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან”. ფსაკიმ დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა “ასევე გამართა დისკუსიები რუს ოფიციალურ პირებთან უკრაინის და ზოგადად აშშ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ”. გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი, ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის.

დისკუსიები ნათლად აჩვენებს, რამდენად სერიოზულად განიხილავს თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას. აშშ-ს ოფიციალური პირები ცდილობენ, არ დარჩნენ გაურკვევლობაში რუსული სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში, როგორც ეს 2014 წელს მოხდა, როდესაც რუსეთი შეიჭრა ყირიმში და აძლიერებდა სეპარატიზმს აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილებში.

“გვაშფოთებს, რომ რუსეთმა შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვას, როდესაც ცდილობს გაიმეოროს ის, რაც გააკეთა 2014 წელს, როდესაც სამხედრო ძალები განალაგა საზღვრის გასწვრივ, შეიჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და გააკეთა ეს ცრუ მტკიცებით, რომ ის პროვოცირებული იყო”,- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.