LIVE

კორუფციის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

18 ნოე 202117:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 959
კორუფციის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

წელს ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა. Trace International-მა ბიზნესის კორუფციის რისკი 194 ქვეყანაში შეაფასა (100 ქულა კორუფციის მაღალ, 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს). 2021 წლის მონაცემებით, საქართველო 194 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზეა ბიზნესის კორუფციის რისკის 26 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით, როდესაც ქვეყანა 194 ქვეყანას შორის 25 ქულით 28-ე ადგილს იკავებდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანახმად, როგორც 2019, ისე 2018 წლის მონაცემებით საქართველო 200 ქვეყანას შორის 26 ქულით 27-ე ადგილზე იყო. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ საუკეთესო მაჩვენებელი 2017 წელს დააფიქსირა, როცა ქვეყანამ 200 სახელმწიფოს შორის 25-ე ადგილი დაიკავა 23 ქულით. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკი ეტაპობრივად იმატებს.

Trace International-ის 2021 წლის ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით ყველაზე დაბალი კორუფციული რისკის მქონე ქვეყნების ხუთეულში შედის: დანია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და ახალი ზელანდია. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს, საუკეთესო ქულა ჩეხეთის რესპუბლიკამ დაიმსახურა და 31 ქულით 39-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე მაღალი რისკი კი დაფიქსირდა ბელარუსში, რომელმაც 58 ქულით 144-ე ადგილი დაიმსახურა.

რეიტინგი ქვეყნებს აფასებს კორუფციის შესაძლებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით.

კერძოდ, Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკს შემდეგი ოთხი მიმართულებით აფასებს:

  1. კორუფციის შესაძლებლობის რისკი - იგულისხმება ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი. ბიზნესის ხელისუფლებასთან ურთიერთობის კომპონენტში საქართველომ საუკეთესო შეფასება - 1 ქულა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა. მართალია, ოთხი მიმართულებიდან საქართველოში კორუფციის ყველაზე დაბალი რისკი სწორედ კორუფციის შესაძლებლობაში დაფიქსირდა, თუმცა წინა წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესებულია. 
  2. კორუფციული რისკების აღკვეთა - გულისხმობს ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებას და საზოგადოების დამოკიდებულებას კორუფციის მიმართ. ამ მიმართულებაში საქართველოს კორუფციული რისკი ყველაზე მაღალია, თუმცა წინა წელთან შედარებით მცირედი გაუმჯობესება ფიქსირდება.
  3. გამჭვირვალობა - ხელისუფლების მმართველობითი ფუნქციების ღიაობის ხარისხი, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობა და სიჯანსაღე. საქართველოს მდგომარეობა აღნიშნული მიმართულებით ორი ქულით გაუარესდა.
  4. ზედამხედველობა - მოიაზრებს მედიის ხარისხს და მის თავისუფლებას, ასევე საზოგადოების ჩართულობას. საქართველოს ამ მიმართულებაში 29 ქულა აქვს. 2020 წელს ზედამხედველობის მიმართულებით ქვეყნის მაჩვენებელი 28-ს შეადგენდა. 

იმის მიუხედავად, რომ Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსი მრავლისმომცველია და მასში საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა, მთავრობის ადმინისტრაციამ ინფორმაცია მხოლოდ გაუმჯობესებული კომპონენტის შესახებ გაავრცელა. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ კომპონენტი (ბიზნესის ხელისუფლებასთან ურთიერთობა), რომელშიც საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა "ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი პოზიციონირების საქმეში".