LIVE

საქართველოში უმაღლესი განათლება ახალი მოდელით დაფინანსდება

17 ნოე 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1221

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. ცვლილებების მიხედვით, სასწავლებლების დაფინანსების ოდენობა იქნება ინდივიდუალური და განისაზღვრება იმის მიხედვით, რამდენად ხშირი, შედეგიანი და ეფექტურია კონკრეტული უნივერსიტეტის სამეცნიერო აქტივობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები თუ ლაბორატორიული და მეცნიერული კვლევები.

ახალი მოდელის ფარგლებში გადაიხედება და დიდი ალბათობით შეიცვლება ე.წ. პრიორიტეტული სპეციალობების პროგრამაც. 

დაფინანსების ახალი მოდელი პროფესიულ ცენტრებსაც შეეხებათ. აქცენტი იმ სპეციალობებზე გაკეთდება, რომლებიც სამუშაო ძალის შექმნას უფრო სწრაფად შეძლებენ. მათ შორის, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი სამშენებლო სექტორისა და IT სპეციალობების მიმართულებები გახდა.

ცნობილია, რომ დოკუმენტი "მსოფლიო ბანკის" მხარდაჭერით შემუშავდა და პროცესში უცხოელ ექსპერტებთან ერთად ადგილობრივი განათლების სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულნი. მათ შორისაა უმაღლესი განათლების ექსპერტი ირინე დარჩია, რომლის თქმითაც დაფინანსების ახალი მოდელი რამდენიმე ვარიანტს მოიცავს, არჩევანის გაკეთება კი განათლების სამინისტროს მოუწევს. მისივე შეფასებით ახლებური მიდგომა ბაზარზე მეტ კონკურენციასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 

"დღეს ყველა უნივერსიტეტს აქვს ერთნაირი ვაუჩერი, იმის მიუხედავად რომ რიგი სპეციალობები სხვებთან შედარებით ბევრად ძვირი ჯდება. ვაღიარებთ ყველა, რომ მედიცინა, საბუნებისმეტყველო დარგები (ბიოლოგია, ქიმია) გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მაგალითად ფილოლოგია ან სამართალი. ამის მიუხედავად, ვაუჩერი ერთნაირია და ბუნებრივია სპეციალობები არათანაბარ მდგომარეობაში არიან",- განმარტავს ირინე დარჩია.