LIVE

ხორბალი კიდევ გაძვირდა - შესაძლოა, მარაგების პრობლემა შეიქმნას

15 ნოე 202121:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 1419

ხორბალი ისევ ძვირდება - რუსეთმა ნედლეულზე დაწესებული მცურავი საბაჟო გადასახადი დღეიდან რეკორდულ, 77 დოლარიან ნიშნულამდე გაზარდა. შედეგად, რუსეთიდან საქართველოში ერთი ტონა ხორბლის შემოტანის ღირებულება უკვე 350 დოლარია. ამას ემატება, თებერვლიდან, რუსეთის მთავრობის მიერ, ხორბლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, რომლის მიხედვით, კვლავ კვოტირება იგეგმება.

პარალელურად, ნულოვანი საბაჟო გადასახადის გამო, კვლავ მზარდია რუსეთიდან ფქვილის იმპორტი. ამ ტენდენციის გათვალისწინებით სპეციალისტები ქვეყანაში ხორბლის მარაგების პრობლემას ელიან და მთავრობას ხორბლისა და ფქვილის იმპორტს შორის არსებული დისბალანსის დასასტაბილურებლად, შესაბამისი მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ წისქვილკომბინატებს უპირატესობა გვინდა. ჩვენ გვინდა იგივე პირობები, რომელიც ადრე იყო - რომ გათანაბრებული იყოს საიმპორტო პირობები ხორბლისა და ფქვილის“,- განაცხადა „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ.

ხორბლის ფასის ზრდის გამო, მნიშვნელოვნად გაძვირდა ფქვილი - ერთი ტომარა ფქვილის ფასი უკვე 73 ლარს აჭარბებს. ამ ფონზე, წლიურად, უკვე 22 პროცენტით გაძვირდა პური. უახლოეს მომავალში კი, იმპორტიორები რუსეთის მიერ, ხორბალზე საბაჟო გადასახადის კიდევ უფრო ზრდას ელიან - ღირებულება, სავარაუდოდ, ტონაზე 80 დოლარიან ნიშნულსაც გასცდება.