
მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების კვლევის თანახმად, ქართული ბიზნესის ფინანსური განათლების დონე საშუალოზე დაბალია. კერძოდ, საქართველოს ფინანსური განათლების ქულა 17 ქულიანი შკალით 10.3-ია (60%), რაც გამოკითხვაში მონაწილე 14 ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
ცალკეული კომპონენტების მიხედვით საქართველოს შედეგები ასე გადანაწილდა:
- ფინანსური ცოდნის მაჩვენებელი - 5 შესაძლოდან 3,1 ქულა;
- ფინანსური ქცევის მაჩვენებელი - 9 შესაძლოდან 5,6 ქულა;
- ფინანსური დამოკიდებულებების მაჩვენებელი - 3 შესაძლოდან 1,6 ქულა.
აღმოჩნდა, რომ საქართველოში მეწარმეების უმრავლესობას სწორად ესმის ინფლაციის, სესხზე გადასახადი პროცენტის, რისკისა და უკუგების, ინვესტირების არსი, თუმცა 41%-ს არასწორად ესმის დივიდენდის შინაარსი.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის" (OECD/INFE) მიერ ჩატარებული კვლევით, აღმოჩნდა რომ ბიზნესმენების 71% ისახავს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს თუმცა, 67% აღნიშნავს, რომ კომპანიის მართვისას ურჩევნია მიჰყვეს საკუთარ ინსტინქტს, ვიდრე შეიმუშაოს დეტალური ფინანსური გეგმები.
კვლევის მიხედვით, გამოკითხული ბიზნესების 75%-ს აქვს საბანკო ანგარიში თავისი კომპანიის საჭიროებებისთვის. რაც შეეხება სხვა ფინანსური პროდუქტების ცნობადობას, საკმაოდ მაღალი ცნობადობა აქვს შემდეგ ფინანსურ პროდუქტებს: ქონების დაზღვევა (94%), მიკრო კრედიტი (90%), მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხი (90%), საბანკო ბიზნეს სესხი (90%). ხოლო ყველაზე ხშირად გამოყენებული პროდუქტებიდან აღსანიშნავია სასაქონლო კრედიტი (33%) და საბანკო ბიზნეს სესხი (31%).
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე, ანუ 2019 წლის ბოლოსთვის, საქართველოში ბიზნესების მხოლოდ 25%-ს ჰქონდა სპეციალური ვებგვერდი, სადაც აღწერილი იყო კომპანიის პროდუქცია ან მომსახურება. პანდემიის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.
საქართველოს გარდა კვლევა ბრაზილიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ჩინეთში, რუსეთში, ნიდერლანდებში, საუდის არაბეთში, თურქეთში და იტალიაში ჩატარდა.