LIVE

ევროპა ორ სრულიად განსხვავებულ პანდემიას განიცდის

13 ნოე 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 833
ევროპა ორ სრულიად განსხვავებულ პანდემიას განიცდის
NIKOLAY DOYCHINOV/AFP

ერთი წლის წინ, პანდემიის მიმდინარეობა პირველი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემოღებით შეიცვალა. დღეს, 7.3 მილიარდი დოზის გამოყენებისა და სიკვდილის თავიდან აცილების შემდეგ, გვაქვს უფრო მეტი მონაცემი, ვიდრე ოდესმე, ამ ადრეული ენთუზიაზმის გასამართლებლად  და ინექციების გაგრძელების აუცილებლობისთვის.

იმუნიტეტის შესუსტებისა და შეზღუდვების მოხსნის გარდა, ვაქცინაციის მუდმივი დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები მძიმედ დაზარალდნენ ვირუსის ახალი ტალღებით. მას შემდეგ, რაც დელტა ვარიანტი კვლავ აღწევს მთელ ევროპაში, კონტინენტი განიცდის ორ ძალიან განსხვავებულ პანდემიას და ორივე მოქმედებას მოითხოვს.

მდიდარი სამყაროს უმეტესობისთვის ვაქცინების მიწოდების პრობლემები წარსულს ჩაბარდა. იმუნიტეტის დაქვეითება უფრო დიდი საფრთხეა და ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი ან დანია, ორიენტირებულები არიან თვითკმაყოფილების მოშორებაზე გამაძლიერებელი იმუნიზაციის საშუალებით. საკამათო ზომებმაც კი, როგორიცაა Covid პასპორტი და სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაცია, შედეგი გამოიღო და ხელი შეუწყო ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდას. სამშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთში ხანდაზმულთათვის მესამე დოზა იქნება საჭირო.

ამ ქვეყნებს აქვთ ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მსოფლიოში და ლონე სიმონსენის, როსკილდის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, მათ აქვთ “ფუფუნება” შეიტანონ მცირე ცვლილებები, როგორიცაა ნიღბების ტარება, რათა თავიდან აიცილონ 2020 წლის სრული ლოქდაუნი.

თუმცა, აღმოსავლეთში “არავაქცინირებულთა პანდემიის” ნიშნებია. Bloomberg-ის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპაში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია - ხშირად ფატალურად დაბალი. ბულგარეთსა და რუმინეთში, სადაც დაახლოებით 26 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის მხოლოდ 22.6%-33.7% არის სრულად აცრილი. ეს დაბალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (67.4%).

შემთხვევითი არაა, რომ ეს ორი ქვეყანა აფიქსირებს ყოველდღიური ინფიცირების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს. რუმინეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ დონეს მიაღწია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი დარჩა. მონაცემები ასევე აჩვენებს მკვეთრ განსხვავებას ევროპის კონტინენტზე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებს შორის.

ისევ და ისევ, მიწოდება არ არის პრობლემა. ევროპა ინექციებით არის გაჟღენთილი და საინფორმაციო კომპანია Airfinity-ის შეფასებით, 2021 წელს გამოუყენებელი დოზების რაოდენობა 282 მილიონი იქნება.

ამ ქვეყნების პრობლემა ვაქცინის მიმართ დამოკიდებულებაა, რომელიც გამოწვეულია შეთქმულების თეორიებით, გვერდითი ეფექტების შიშით და ხელისუფლებისადმი დაბალი ნდობით. 

რუმინეთში, სადაც რელიგიურმა მოღვაწეებმა და სოციალური მედიის გავლენის ქვეშ მყოფებმა წაახალისეს ვაქცინაზე უარი, მთავრობამ გამოუყენებელი დოზები სხვა ქვეყნებს შესთავაზა. “ყალბ ამბებს დიდი გავლენა აქვს”,- განუცხადა რუმინელმა პოლკოვნიკმა New York Times-ს. არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი პოსტკომუნისტურ საზოგადოებებში გავრცელებული უნდობლობისა და ავტორიტეტისადმი ეჭვის გასაქარწყლებლად, მაგრამ დადებითი ზეწოლა შიშზე უკეთ მუშაობს. სოციალური ქსელიდან და სამედიცინო საზოგადოებისგან ვაქცინაციის წახალისება შეიძლება უფრო ეფექტური იყოს.

დასავლეთ ევროპამ არასათანადოდ არ უნდა შეაფასოს საკუთარი გამოწვევები, რადგან ქალაქები დატვირთულია, საერთაშორისო მოგზაურობა აღდგა. ანდალუსიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენლის, დანიელ ლოპეს აკუნას თქმით, ინფიცირების მაჩვენებლის ზრდამ შეიძლება საავადმყოფოები გადაავსოს, რადგან კოვიდის მრავალმა ტალღამ უკვე გამოიწვია მომზადებული პერსონალის დეფიციტი. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკვე დადო პირობა, რომ ინვესტირებას განახორციელებს საავადმყოფოებში მეტი პერსონალის დაქირავებისა და უკეთესი ანაზღაურების მიზნით.

საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ვაქცინების მიწოდებიდან ერთი წლის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორი, რომელიც ადამიანებს ვაქცინაციისთვის რიგში დგომას უბიძგებს, მათ სიახლოვეს დაღუპულთა რიცხვის ზრდა იქნება. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლიონელ ლორანი